ვლადიმერ პოზნერმა საქართველო დატოვა

0
147

რუსმა ჟურნალისტმა, ვლადიმერ პოზნერმა, რომელიც საქართველოში სტუმრებთან ერთად თავისი დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა, ქვეყანა დატოვა. თვითმფრინავი, სადაც ჟურნალისტი და მისი თანმხლები პირები ისხდნენ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან უკვე აფრინდა.

ის საქართველოდან წასვლას 3 აპრილს გეგმავდა, თუმცა სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა პოზნერის საქართველოში ჩამოსვლა გააპროტესტეს.

გუშინ ღამით აქციის მონაწილეები სასტუმრო „ვინოტელის“ ეზოში შეიკრიბნენ, სადაც პოზნერი დაბადების დღეს აღნიშნავდა. აქციის მიმდინარეობისას, გავრცელებული ინფორმაციით, პროტესტის მონაწილეებმა სასტუმროში ელექტროენერგია გათიშეს და ითხოვდნენ, სტუმრებს საქართველოს ტერიტორია დაეტოვებინათ.

აქტივისტების განცხადებით, ქვეყნის ტერიტორიაზე იმ ადამიანის შემოშვება, რომელიც ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებს და ამბობს, რომ აფხაზეთი საქართველოს ტერიტორია არ არის, დაუშვებელია. ვლადიმერ პოზნერმა და მისმა სტუმრებმა სასტუმრო პოლიციის კორდონის საშუალებით დატოვეს.