„ვითხოვ არ გავრცელდეს კადრები, რომელიც ჩემს პატივს და ღირსებას ლახავს“ – ზურაბ ოტიაშვილი ტელეკომპანია „ფორმულას“ მიმართავს

0
291

„ტელეკომპანია „ფორმულასგან“ მოვითხოვ, რომ არ გაავრცელოს არასწორი ინფორმაცია და არ შეიყვანოს საზოგადოება შეცდომაში. ასევე, ვითხოვ არ გავრცელდეს კადრები, რომელიც ჩემს პატივს და ღირსებას ლახავს,“ – მოქალაქე ზურაბ ოტიაშვილი „შაბათის ფორმულას“ ანონსს ეხმიანება.

„დღეს ტელეკომპანია ფორმულა აპირებს გაუშვას სიუჟეტი, სადაც საუბარი იქნება ინციდენტზე, რომელშიც მე ვმონაწილეობდი და სახელმწიფოს მხრიდან ოფიციალურად ვარ დაზარალებულად ცნობილი. ანონსიდანაც ცხადი ხდება, რომ სიუჟეტი იქნება მიკერძოებული, რადგან იქ საუბარია, თითქოს მე დავზარალდი განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო. ეს ყველაფერი არის მტკნარი სიცრუე.

სიუჟეტში ასევე გამოყენებულია სათვალთვალო კამერის მიერ გადაღებული კადრების ფრაგმენტები, რომელიც ტენდენციურადაა დამონტაჟებული, არასრულად ასახავს მომხდარს და ლახავს ჩემს პატივსა და ღირსებას. როგორც დაზარალებული ამ საქმეში, ტელეკომპანია ფორმულასგან მოვითხოვ, რომ არ გაავრცელოს არასწორი ინფორმაცია და არ შეიყვანოს საზოგადოება შეცდომაში. ასევე ვითხოვ არ გავრცელდეს კადრები, რომელიც ჩემს პატივს და ღირსებას ლახავს.

წინააღმდეგ შემთხვევაში მე იძულებული გავხდები, რომ სხვა ობიექტურ ტელევიზიებს მოვუყვე საქმის დეტალები და ეს ტელევიზია და კონკრეტულად გადაცემა ვამხილო სიცრუეში, ასევე იძულებული გავხდები სასამართლოს გზით დავამტკიცო ჩემი სიმართლე და თავი დავიცვა ჩემი მიზანმიმართული დისკრედიტაციისგან. Formula • ფორმულა“, – აცხადებს ოტიაშვილი.