ვაშლიჯვარში მოსახლეობის ევაკუაციის საჭიროება არ არსებობს – კახა კალაძე

0
147

კახა კალაძემ განმარტა, რა ღონისძიებები ტარდება ვაშლიჯვრის ფერდობზე მეწყრის ჩამოწოლის პრევენციის მიზნით. ამ თემაზე დედაქალაქის მერმა თბილისის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. მისი თქმით, პირველ რიგში მერიაში სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, შემდეგ პრობლემის შესწავლა გერმანელმა ინჟინერ-გეოლოგებმა დაიწყეს. ამასთან, 16 მარტიდან მაჭავარიანის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად გადაიკეტა.

„ოპერატიულად დავიწყეთ მეწყრული ზონის 24-საათიანი მონიტორინგი, რათა დეფორმაციის ხასიათსა და დინამიკაზე დაკვირვება გვეწარმოებინა. გასულ კვირას უკვე დავამონტაჟეთ მონიტორინგის თანამედროვე სისტემა, რომელიც უფრო ზუსტი დაკვირვებისა და მონაცემთა შეგროვების შესაძლებლობას იძლევა. ასევე, შესაბამისი უწყებების მიერ, მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის შემუშავდა საევაკუაციო გეგმა. ეს, რა თქმა უნდა, საჭირო არ არის, თუმცა თუ გაჩნდა გადაუდებელი აუცილებლობა, ეს გეგმაც არსებობს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მოსახლეობის ევაკუაციის საჭიროება არ არსებობს. ამას გეუბნებით სრული პასუხისმგებლობით. რაღაც საფრთხე რომ ყოფილიყო, პირველები ჩვენ ვიქნებოდით, ვინც კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამდა. აქაც ვრცელდებოდა არასწორი ინფორმაცია, პანიკის დათესვა, საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, რომ თითქოს აუცილებელია მოსახლეობის ევაკუაცია. ეს მათ ნამუსზე იყოს, ვინც ამ განცხადებებს ავრცელებდა“, – განაცხადა მერმა.

მისივე თქმით, ​მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარებისთვის მერიამ კვლევა-პროექტირებისა და სამშენებლო სამუშაოების მომსახურება შეისყიდა, რომელსაც კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტი“ აწარმოებს. მერმა აღნიშნა, რომ ფერდის სტაბილიზაციისა და მიმდებარედ არსებული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებისთვის, ყველა გადაუდებელი ღონისძიება ტარდება, კერძოდ, ზედა ნაწილში მიმდინარეობს ცემენტიზაცია, რათა მეწყრის გადაადგილება შემცირდეს. ასევე ეწყობა დროებითი გზები, რათა სამუშაოების მომდევნო ეტაპზე გატარდეს ღონისძიებები, რომლებიც უზრუნველყოფს მაჭავარიანის ქუჩის უსაფრთხოებასა და მოძრაობის აღდგენას.

ადგილობრივ სპეციალისტებთან ერთად ადგილზე გერმანელი ინჟინერ-გეოლოგებიც მუშაობდნენ, რომლებმაც უკვე აღნიშნეს, რომ ქართული მხარის მიერ ფერდობზე მიღებული ზომები აბსოლუტურად სწორია.