„სინოფარმით“ ვაქცინაცია დაიწყება, როგორც დაანონსებული იყო, ოთხი მაისიდან – თამარ გაბუნია

0
78

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, უახლოეს დღეებში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია „სინოფარმის“ ვაქცინასთან დაკავშირბით რეკომენდაციას გამოაქვეყნებს.

თუმცა, როგორც გაბუნია ამბობს, იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზაციისგან პასუხს მეტი დრო დასჭირდება, ეს საქართველოში „სინოფარმით“ ვაქცინაციის პროცესს არ შეაფერხებს.

თამარ გაბუნია განმარტავს, რომ „სინოფარმი“ 35 ქვეყანაშია ავტორიზებული და მისი უსაფრთხოების შესახებ კითხვის ნიშნები არ ისმის.

„კვირის ბოლომდე, წესით, დღეს-ხვალ ცნობილი გახდება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წინასწარი რეკომენდაცია, ამას გამოაქვეყნებს და გვექნება პასუხი. შესაძლოა, მეტი დრო დასჭირდეს ჯგუფს ამ გადაწყვეტილების მისაღებად, რაც ჩვენს შემთხვევაში, ვაქცინაციის პროცესს არ შეაფერხებს. „სინოფარმით“ ვაქცინაცია დაიწყება როგორც დაანონსებული იყო, ოთხი მაისიდან. კიდევ ერთხელ მინდა, გავიმეორო, რომ „სინოფარმი“ დღევანდელი მდგომარეობით ავტორიზებულია 35 ქვეყანაში, 200 მილიონ დოზაზე მეტი აქვს გაცემული მწარმოებელს სხვადასხვა ქვეყნისთვის. ფართო მოცვა არსებობს უკვე ამ ვაქცინით. მისი უსაფრთხოების შესახებ არ არსი კითხვის ნიშნები. ამდენად, ჩვენ დავიწყებთ ვაქცინაციას და ვფიქრობთ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციაც მალევე დაეწევა ამ პროცესს თუ არ დაასწრებს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.