საპატრიარქოსთან პატრიარქის მხარდმჭერი აქცია მიმდინარეობს

0
224

საპატრიარქოსთან, სადაც ცოტა ხანში მღვდელმთავრების კრება უნდა დაიწყოს, მრევლის ნაწილი აქციას მართავს.

მათი განმარტებით, ისინი ამ ფორმით პატრიარქს იცავენ ეკლესიის ამბოხებული ნაწილისგან, რადგან ეს არის საქრისტიანო ომი და ამ ომში პატრიარქის ღირსება უნდა იყოს დაცული.

აქციის ერთ-ერთი მონაწილის, გურამ ფალავანდიშვილის თქმით, იმ შემთვევაში თუ ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის პეტრე ცაავას მიერ მართული მრევლი საპატრიარქოსთან მივა, ისინი მათ ფიზიკურად დაუპირისპირდებიან.

„მოვედი ეროვნულ სამოსში. ჩვენ ვნახეთ ამბოხებული ფრთა ეკლესიაში, რომელიც მეუფე სტეფანეს ფიზიკურად შეეჭრა, ისინი რა თქმა უნდა აქაც შევარდებიან, იყო ამის საშიშროება. ვნახეთ რა ორგანიზაციები დაუკავშირდნენ მათ, ქალთა უფლებები, ფემინისტები, „გირჩელები“, ეკლესიის პირდაპირი მტრები და მოძულეები, ისინი თავისთავად ცხადია აგრესიას მიიტანენ და შევარდებიან. რომც არ შევარდნენ, აქედან რომ ვაყვიროთ და პატრიარქი შეაწუხონ, ფსიქოლოგიურად დათრგუნონ, ამას არ დავუშვებთ. ჩვენ ჩვენ საქმეს გავაკეთებთ. მრევლის სახელით ვართ მოსულები“, – განაცხადა ფალავანდიშვილმა.

ცნობისთვის, დღეს საპატრიარქოში წმინდა სინოდის წევრები უნდა შეიკრიბონ და ჭყონდიდის მიტროპოლიტის, მეუფე სტეფანე კალაიჯიშვილის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე იმსჯელონ.