საფლავებზე გასვლა 2-დან 4 მაისის ჩათვლით აკრძალული იქნება და ეს აკრძალვა არ ითვალისწინებს გამონაკლისებს გეოგრაფიული ლოკაციის ან ადმინისტრაციული ერთეულის მიხედვით – გიორგი ღიბრაძე

0
521

საფლავებზე გასვლა 2-დან 4 მაისის ჩათვლით აკრძალული იქნება და ეს აკრძალვა არ ითვალისწინებს გამონაკლისებს გეოგრაფიული ლოკაციის ან ადმინისტრაციული ერთეულის მიხედვით, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.

„როგორც არაერთხელ უკვე აღინიშნა, ყველა გადაწყვეტილებას, რომელსაც იღებს საკოორდინაციო საბჭო, უპირველეს ყოვლისა განპირობებულია ეპიდემიოლოგიური ვითარებით და არსებული რისკებით, რომელიც ამა თუ იმ ღონისძიებას შეიძლება ახლდეს თან. შესაბამისად, სასაფლაოებზე გასვლა აიკრძალა წელსაც, იგივენაირად, როგორც ეს შარშან იყო აკრძალული. აკრძალვა ეხება 2 დან 4 მაისის ჩათვლით პერიოდს და არ ითვალისწინებს გამონაკლისებს გეოგრაფიული ლოკაციის ან ადმინისტრაციული ერთეულის მიხედვით. ეს აკრძალვა ეხება სრულიად საქართველოს”, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

მისი თქმით, ტრადიციებიდან გამომდინარე, 2-4 მაისს მოსალოდნელია ბევრი ხალხის თავშეყრა ერთ ადგილზე და აღნიშნულის პრევენციის მიზნით დაწესდა აკრძალვა, 4 მაისის შემდგომ დღეებში კი ეს შეზღუდვა არ იმოქმედებს და მოქალაქეებს შეეძლებათ გავიდნენ საფლავზე.