რუსეთი თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ საქართველოში არ იმოგზაურონ – The Daily Telegraph

0
166

ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფ“-ში The Daily Telegraph») გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „რუსეთი თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ საქართველოში არ იმოგზაურონ“, რომელშიც საკმაოდ დეტალურადაა გადმოცემული თბილისში ვლადიმერ პოზნერის ყოფნასთან დაკავშირებული ინციდენტი (ავტორი – ნატალია ვასილევა, გაზეთის კორესპონდენტი რუსეთში).

„გაავებული ადამიანების ბრბო ოთხშაბათს საღამოს თბილისის ცენტრში მდებარე ფეშენებლურ სასტუმროსთან შეიკრიბა, სადაც რუსეთის ტელევიზიის ცნობილი წამყვანი ვლადიმერ პოზნერი თავის დაბადების დღეს აღნიშნავდა. პროტესტი პროვოცირებული იქნა რამდენიმე ქართველი პოლიტიკოსის მიერ: ისინი აცხადებდნენ, რომ 87 წლის ტელეწამყვანი საქართველოში არ უნდა ჩასულიყო მის მიერ 2010 წელს გაკეთებული განცხადების გამო, რომლის თანახმად, „აფხაზეთის მცხოვრებლებს, როგორც ჩანს, საქართველოს ნაწილად ყოფნა აღარ სურთ“.

კრემლმა იმავე დღეს დაგმო თბილისში მომხდარი ამბავი და შეშფოტება გამოხტა რუსი ტურისტების უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხში. აქვე ვიტყვით, რომ საქართველო რუსი ტურისტებისთვის დასვენების პოპულარულ ქვეყანას წარმოადგენს. „საქართველო სახიფათო გახდა რუსეთის მოქალაქეებისათვის და ეს რეალობა რუსებმა უნდა გააცნობიერონ“, – განაცხადა კრემლის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა, რომელმაც ასევე მადლობა გადაუხადა ქართულ პოლიციას, ტელეწამყვანის უსაფრთხოების უზრუნველყოფის გამო.

რუსეთი და საქართველო ერთმანეთს 2008 წლის აგვოსტოდან მტრობენ, როცა მათ შორის ხანმოკლე ომი მოხდა და რომელიც სეპარატისტული რეგიონების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლად გამოცხადებით დასრულდა, თუმცა მათი სუვერენიტეტი გაერომ არ აღიარა. თავის მხრივ, რუსეთმა მხარი დაუჭირა როგორც პირველს, ასევე მეორეს, მაგრამ მათი ფორმალური ანექსია არ განუხორციელებია.

როგორც ქართული საინფორმაციო საშუალებები იტყობინებიან, თბილისში, ვლადიმერ პოზნერის სასტუმროსთან შეკრებილი საპროტესტო აქციის მონაწილეები ხმაურობდნენ და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მისამართით სალანძღავ სიტყვებს გაჰყვიროდნენ. იმავე საღამოსვე ვლადიმერ პოზნერი და მისი თანხმლები პირები სხვა სასტუმროში გადავიდნენ, თუმცა გაავებულ აქტივისტთა ბრბო იქაც მივიდა, შენობას ელექტროდენი გამოურთო და კვერცხების სროლა დაუწყო, იქვე ახლოს მდგარი პოლიციელების წინაშე.

ვლადიმერ პოზნერი და მისი სტუმრები, რომლებიც თბილისში რამდენიმე დღით დარცენას გეგმავდნენ, იძულებულნი გახდნენ თბილისის აეროპორტში პოლიციის ესკორტით წასულიყვნენ და პირველი აპრილის დილას, ტელეწამყვანის დაბადების დღეს (მას 87 წელი შეუსრულდა), მოსკოვში დაბრუნებულიყვნენ.

საქართველოს ხელისუფლება აცხადებდა, რომ ვლადიმერ პოზნერს ქვეყანაში გადაადგილება ტავისუფლად შეუძლიაო, მაგრამ საბოლოო ჯამში იგი და მისი თანხმლები პირები მაინც დააჯარიმეს: იმიტომ, რომ კორონავირსუსის პანდემიის გამო გამოცხადებული კომენდანტის საათის პირობები დაარღვიეს (თავის მხრივ, ვლადიმერ პოზნერმა ჯარიმის გადახდის ფაქტი უარყო).

ოთხშაბათს მომხდარი საპროტესტო გამოსვლა იმის დამადასტურებელია, თუ რა ფართო აღშფოთებას იწვევს საქართველოს მოსახლეობის სხვადასხვა ფენებში რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირების ფაქტი.

ბოლო წლებში თბილისსა და მოსკოვს შორის ურთიერთობა თანდათან დათბა – იმიტომ, რომ საქართველოს მთავრობა, რომელსაც ზოგი ოპოზიციონერი აკრიტიკებს და  „პრომოსკოვურს“ უწოდებს, თავისი ტურისტული სექტორის განვითარებისთვის ზრუნავს და ყოველწლიურად დაახლოებით ორ მილიონ რუს ტურისტს მასპინძლობს.

საქართველომ, რომელიც ცდილობს კორონავირუსის პანდემიით დაზარალებული თავისი ეკონომიკა განამტკიცოს, ამას წინათ განაცხადა, რომ მიესალმება რუსი ტურისტების ჩასვლას ქვეყანაში ამ გაზაფხულზე და მათ თავის ტერიტორიაზე ყოფნას შეუმსუბუქებს: თუ ტურისტებს კოვიდ-19-ის ტესტი უარყოფითი ექნებათ, ისინი კარანტინს არ გაივლიან.

საქართველოს მთავრობამ სწრაფად მოახდინა ვლადიმერ პოზნერთან დაკავშირებული ინციდენტისაგან დისტანცირება და მომხდარ უწესრიგობაში ბრალი ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს წაუყენა – ქართული პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ გმირს. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიხეილ სააკაშვილი და მისი პარტია „ერთიანი ნაცმოძრაობა“ ქვეყნისთვის მაქსიმალური ზარალის მიყენებასა და საბოტაჟში დაადანაშაულა. „ექსტრემისტებმა თავიანთი მოქმედება ისეთ დროს დაამთხვიეს, როცა ჩვენი ქვეყანა ტურისტების მისაღებად ემზადება“, – თქვა პრემიერ-მინისტრმა.

ეს ინციდენტი ძალიან ჰგავს 2019 წელს თბილისში მომხდარ ქუჩის მღელვარებას, როცა ოპოზიციის აქტივისტებმა პარლამენტში მყოფ რუს პოლიტიკოსზე თავდასხმის საფრთხე შექმნეს. იმ პერიოდში დაწყებული საპროტესტო აქციები მალე გადაიზარდა შეტაკებაში, რომელმაც დიპლომატიური სკანდალი და რუსეთ-საქართველოს შორის ავიამიმოსვლის შეწყვეტა გამოიწვია.