რატომ აკრძალა ელიზაბეტ მეორემ სამეფო ოჯახზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის ჩვენება

0
75

1960-ანი წლების ბოლოს, სამეფო ოჯახზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის ეკრანებზე გამოსვლა ნამდვილ სენსაციად იქცა. გადამღები ჯგუფი თითქმის წელიწადნახევრის განმავლობაში ცხოვრობდა სამეფო ოჯახში და იღებდა ყველაფერს, რაც ხდებოდა სასახლეში და მის გარშემო.

ფილმი „სამეფო ოჯახი“ 1969 წელს გამოვიდა ეკრანებზე და მართლაც გაუგონარი წარმატება მოიპოვა, თუმცა 3 წლის შემდეგ, დედოფლის მითითებით, ფილმი თაროზე შემოიდო და ის იქ დღემდეა.

1960-ანი წლების ბოლოს, როდესაც მოდაში შემოვიდა მოძრაობა „ჰიპპი“, პარალელურად კი მიდიოდა პროპაგანდა ე.წ თავისუფალი ურთიერთობების, სამეფო ოჯახი თანდათან კარგავდა თავის პოპულარობას და უფრო მოძველებულად და არქაულად ჩანდა. სწორედ ამიტომ, ელიზაბეტ II-ს პრესმდივანს მოუვიდა იდეა გადაეღოთ ფილმი სამეფო ოჯახზე და მათ წეს-ჩვეულებებზე. მისი აზრით, ფილმი მონარქების პოპულარობას გაზრდიდა და დედოფალსა და მის ოჯახს უბრალო ადამიანებთან მეტად დააახლოებდა. მიზანი იყო, რომ საზოგადოებას ენახა ჩვეულებრივი ოჯახი, სადაც მშობლები შვილებს მზრუნველობას არ აკლებენ, ასეირნებენ ბავშვებს და ა.შ. მოკლედ, ენახათ ის, რომ მონარქებს ბევრი საერთო აქვთ ათასობით ბრიტანულ ოჯახთან.

სამეფო ოჯახის წევრთა უმრავლესობა და ბუკინგემის სასახლის თანამშრომლები მხარს არ უჭერდენენ ამ იდეას, თუმცა იდეა მოეწონათ ელიზაბეტ II-სა და მის მეუღლეს, რომლებმაც ფილმის გადაღებაში გარკვეული ჯანსაღი აზრი დაინახეს.

პრინც ფილიპის მოთხოვნით, გადაღებული მასალა ჯერ სპეციალურ კომიტეტს უნდა შეემოწმებინა, რომელშიც ტელეკომპანია „ბიბისი“-ს წარმომადგენლები და თვითონ პრინცი ფილიპი შედიოდნენ.

ფილმის რეჟისორი გახდა „ბიბისი“-ს დოკუმენტური ფილმების განყოფილების ხელმძღვანელი და ყოფილი ოფიცერი რიჩარდ კაუსტონი. გადაღებები 18 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. მთელი ამ ხნის მანძილზე, კამერები თან დაჰყვებოდა სამეფო ოჯახის წევრებს. იღებდნენ ყველაფერს – დაწყებული ოჯახური თუ ოფიციალური ვიზიტებიდან, ბავშვების მეცადინეობისა და სეირნობის ჩათვლით.

სანამ ფილმს დედოფალს ანახებდნენ, ის პრინცმა ფილიპმა ნახა და კომიტეტმაც დაამტკიცა, თუმცა გადამწყვეტი სიტყვა მაინც ელიზანეტ II-ს უნდა ეთქვა… დედოფალს ფილმი მოეწონა და თანხმობა გასცა ის ტელევიზიით ეჩვენებინათ.

1969 წლის 21 ივნისს ფილმი „სამეფო ოჯახი“ პირველად აჩვენეს „ბიბისი“-ს ეთერში. ფილმი თავდაპირველად შავ-თეთრი იყო, თუმცა მალევე – დაახლოებით ერთ კვირაში „გააფერადეს“.

ფილმის მიმართ ინტერესი წარმოუდგენლად დიდი იყო. ადამიანებს პირველად მიეცათ შესაძლებლობა მონარქების ყოველდღიური ცხოვრება ენახათ. სხვადასხვა მონაცემებით, ფილმი 30-დან 50 მილიონამდე ადამიანმა ნახა, ამასთანავე კრიტიკული შეფასება თითქმის არ გამოთქმულა. თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ ერთის მხრივ ამ ფილმით მოხდა ელიზაბეტ II-ს ოჯახის დემისტიფიკაცია, მეორეს მხრივ კი – თითქოს მათი ცხოვრება გაუბრალოვდა და ჩვეულებრივ რეალითი შოუდ გადაიქცა.

1972 წელს დედოფალმა ელიზაბეტმა ფილმის ჩვენება აკრძალა და გადაღებული მასალა სამეფო არქივში განთავსდა, მას შემდეგ „სამეფო ოჯახის “ ნახვა ოფიცილურად არავის შეუძლია. ამბობენ, რომ დედოფალი დაფიქრდა და სურათი საკმაოდ პირადულად მიიჩნია.

ისტორიკოსი რობერტ ლეისი თვლის, რომ დედოფლის აკრძალვა გასაგებია, რადგან სამეფო ოჯახმა ამ ფილმით ის მაგია დაკარგა, რაც მას საზოგადოებაში ჰქონდა.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ფილმის ნახვის უფლება ბოლო ნახევარი საუკუნის მანძილზე არავის მისცემია, 2021 წლის იანვარში ის მოულოდნელად „იუთუბზე“ აიტვირთა, თუმცა „ბიბისი“-მ, საავტორო უფლებების დარღვევის გამო, სევრერიდან არხს მალევე წააშლევინა. მოგვიანებით, იმავე არხზე რამდენჯერმე კვლავ გამოჩნდა ფილმი, თუმცა კვლავ მალევე „გაქრა“.

2021 წლის 9 აპრილს პრინც ფილიპი 99 წლის ასაკში გარდაიცვალა. დედოფალმა და მისმა მეუღლემ ერთად 74 წელი გაატარეს, უამრავ კრიზისსა და გამოცდას გაუძლეს და პუბლიკის წინ მუდამ ერთიანები ჩნდებოდნენ. შესაბამისად, დღემდე უზარმაზარი ინტერესი არსებობს მათი ოჯახის მისამართით… ნეტავ, როგორი იყო მათი ურთიერთობა ამ წლების მანძილზე, როგორ უყვარდათ, რა სწყინდათ, რა უხაროდათ… ალბათ აკრძალული და ერთ დროს თაროზე შემოდებული ფილმი, ამ კითხვების ნაწილს მაინც გასცემდა პასუხს… თუმცა, დედოფალს ჯერ გადაწყვეტილება არ შეუცვლია და მხოლოდ ღმერთმა იცის ნახავს თუ არა „სამეფო ოჯახი“ ისევ დღის სინათლეს…

 

უცხოური მასალების მიხედვით მოამზადა ქეთი ელბაქიძემ