პოლიციელებს პრემიებს ვაძლევ და უფრო მეტს მივცემ – გომელაური

0
171

„პოლიციას სჭირდება ფორმა, პოლიციას სჭირდება მანქანა და სჭირდება შეიარაღება და აქედან გამომდინარე, ვყიდულობთ”, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა სამინისტროს ხარჯების შესახებ ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვების საპასუხოდ განაცხადა.

„ჩვენ ვართ 43 ათასზე მეტი პოლიციელი, ყველაზე დიდი სამინისტრო ვართ და პირდაპირ შემიძლია გითხრათ, 30 მანქანა არის ზღვაში წვეთი. არ შეიძლება, პოლიციელმა ფეხით ჩაატაროს შემოვლა ღამით. დაკავებულ დამნაშავეს, უკაცრავად და ცხენებით და ეტლებით ვერ წავიყვანთ, მანქანები გვჭირდება.

აქედან გამომდინარე, განვაახლეთ მანქანები და კიდევ უნდა ვიყიდოთ, არა 30, არამედ ასობით მანქანა უნდა ვიყიდოთ, რომ ჩვენმა პოლიციელებმა კომფორტულად შეასრულონ თავის უფლება-მოვალეობა. მე ფინანსთა მინისტრი არ ვარ, ალბათ, ბიუჯეტისა და ვალის შესახებ კითხვა ფინანსთა მინისტრს უნდა დაუსვათ.

მე ერთი ვიცი, რომ პოლიციას სჭირდება ფორმა, პოლიციას სჭირდება მანქანა, პოლიციას სჭირდება შეიარაღება და აქედან გამომდინარე, ვყიდულობთ. ბევრი შეკითხვაა პრემიებთან დაკავშირებითაც – დიახ, პრემიებს ვაძლევ და უფრო მეტს მივცემ, იქიდან გამომდინარე, რომ თითქმის გაორმაგებულია ჩვენი დატვირთვა.

ერთ-ერთი მთავარი თემა კრიმინალია, თუმცა, მეორე თემაა პანდემიასთან ბრძოლა და ჩვენი ბიჭები, ჩვენი თანამშრომლები თითქმის ყოველ დღე და ღამე მუშაობენ, გარეთ არიან. აქედან გამომდინარე, ვახალისებ ამ ადამიანებს და ვაძლევ პრემიებს”, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.