ოპოზიცია არაადეკვატურია, მას შემდეგ, რაც ვერ დაამტკიცა არჩევნების გაყალბება – იაგო ხვიჩია

0
229

დანიელსონის მეორე ვიზიტის შემდეგ, ცხადი იყო, რომ საქართველოს ევროპული მომავალი რაღაც თვალსაზრისით ეჭვქვეშ დგებოდა, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

„არსებობს კონფლიქტი, მხარეებმა ევროკავშირს მოგვარება სთხოვეს, ჩაერთო ევროკავშირი და ჩვენ პატარა ბავშვივით გავაბაიბურეთ და ორჯერ უკან ისე გავაბრუნეთ. აქ ორივეს პასუხისმგებლობაა, მინიმუმ ხელისუფლების პასუხისმგებლობა ის არის, რომ მათ არაადეკვატური პრეზიდენტის მიერ არ მოხდა პატიმარ რურუას შეწყალება“, – განაცხადა ხვიჩიამ.

მისივე თქმით, ოპოზიციის მხრიდან არის ის, რომ მათი არაადეკვატური მოთხოვნა იყო არჩევნების გაყალბების ვერ დამტკიცების შემდეგ, ხელახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნა.

„ამ ამბავში სხვადასხვა დოზით, მაგრამ ორივე დამნაშავეა და ორივე ღებულობს ამ პასუხისმგებლობას. თუ უნდათ გამოსწორება, ორივემ თავიანთი პოზიციებიდან უკან უნდა დაიხიონ. ქოცებმა კეთილი ინებონ და საკუთარ დანიშნულ პრეზიდენტს რურუა შეაწყალებინონ, ხოლო ოპოზიცია დათმობაზე უნდა წავიდეს და თავი დაანებოს უაზრო მოთხოვნას ვადამდელი არჩევნების შესახებ. ოპოზიცია არის არაადეკვატური. მას შემდეგ რაც ვერ დაამტკიცა არჩევნების გაყალბება, მაინც გონია, რომ არჩევნები გაყალბებულია და ამ მოტივით ითხოვს ხელახალ არჩევნებს. ხელისუფლებაც არაადეკვატურია, ჰყავს თოჯინა პრეზიდენტი, რომელსაც რასაც უნდა იმას გააკეთებინებს. ამ შემთხვევაში თითქოს პრინციპულობა გამოაჩენინეს და რურუას შეწყალებაზე უარი ათქმევინეს, რამაც ეს მოლაპარაკება რეალურად ჩაშალა. იმედი მაქვს პარტნიორები საქართველოს ხელისუფლებას ჭკუაზე მოიყვანენ. თუ საქართველოს ხელისუფლება მოვა ჭკუაზე, ავტომატურად დიდი ალბათობით, ოპოზიცია მოვა ჭკუაზე. თუ არ მოვა უჭკუოდ დარჩება და გასაგები იქნება, რომ ხელისუფლება მასთან მართალი იყო. იმ კონცერტმა, რაც ხელისუფლებამ და ოპოზიციამ მოაწყო დანიელსონის ჩამოსვლის დროს, ფაქტობრივად ჩვენს პარტნიორებთან საქართველოს თავის მოჭრა გამოიწვია. ამას ან გამოვასწორებთ ან ნელ-ნელა რუსეთის გუბერნიისკენ სხვლას დავიწყებთ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.