ნუთუ მართლა არ გვესმის, რა მასშტაბის განაცხადი გაკეთდა გუშინ?! – პრეზიდენტი შარლ მიშელის ვიზიტზე

0
124

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის საქართველოში ვიზიტს საქართველოს პრეზიდენტი ეხმაურება.

„მინდა, მადლობა გადავუხადო ევროპული საბჭოს პრეზიდენტს მისი აქტიური ჩართულობისთვის და მივესალმო პრემიერ-მინისტრისა და ოპოზიციური ძალების წარმომადგენლების კონსტრუქციულ მონაწილეობას. თუმცა, რაც მოხდა გუშინ, ორბელიანების სასახლეში, კარგად გააზრებული არ არის.
ევროკავშირმა, უმაღლესი პოლიტიკური ფიგურის ქვეყნის კრიზისში და მის განმუხტვაში ჩართვით, გვაჩვენა, რომ ევროპა არა თუ გასულია ამ რეგიონიდან და ამ ქვეყნიდან, არამედ პირიქით, საქართველოს დემოკრატიულობა, სტაბილურობა და განვითარება ისე, როგორც არასდროს მნიშვნელოვანია ევროპისათვის. ამ ფონზე კი, პირდაპირ საკვირველია დღევანდელი რეაქციები, დაწყებული იმით, რომ კითხულობენ – სად იყო პრეზიდენტი, დამთავრებული – პიკეტირებით, თუ ახალი დაკავებებით.
ნუთუ მართლა არ გვესმის, რა მასშტაბის განაცხადი გაკეთდა გუშინ, რა დონის მხარდაჭერის გამოვლენა იყო, და რომ ეს დამოკიდებულება ჩვენგან პასუხს, ანუ პასუხისმგებლობის აღებას ითხოვს. ჩვენგან ელიან მეტ თანმიმდევრულობას, მეტ კონსტრუქციულობას, მეტ სახელმწიფოებრივ მიდგომას, ანუ ჭეშმარიტ პატრიოტიზმს.
ცნობისთვის, შარლ მიშელი ორ დღიანი ვიზიტით საქართველოს 28 თებერვალს ეწვია. შარლ მიშელმა ქვეყანა 2 მარტს დატოვა.