ნიკა მელია: ხელისუფლება ჩემს გათავისუფლებას არ დაუშვებს

0
148

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი ნიკა მელია საპატიმროდან “მთავარ არხს” პასუხობს და აცხადებს, რომ 8 აპრილს დაგეგმილ სასამართლო სხდომაზე არ აქვს მოლოდინი, რომ აღკვეთის სახით შეფარდებული პატიმრობა გაუუქმდება.

მელია მიიჩნევს, რომ მიუხედავად დასავლეთის ზეწოლისა, ხელისუფლება მის გათავისუფლებას არ დაუშვაბს იმის გამო, რომ შემდგომ მასთან ერთად მოუწევთ მოლაპარაკებების მაგიდასთან ჯდომა, სადაც მას მორალური და ფსიქოლოგიური უპირატესობა ექნება:

“ვფიქრობ, რომ სასამართლო არ გააუქმებს ჩემი პოლიტიკური პატიმრობის გადაწყვეტილებას, რადგან, სამწუხაროდ, ჩვენ გასულები ვართ სამართლებრივი სივრციდან და ქვეყანაში გვაქვს ველური დღის წესრიგი, სადაც ხელისუფლება თვლის, რომ ოპონენტი უნდა დაჩაგროს, მათ შორის დაპატიმრების გზით.

მიუხედავად დასავლეთის ზეწოლისა, ხელისუფლება ჩემს გათავისუფლებას არ დაუშვებს, იმის გამოც, რომ ამ შემთხვევაში, მოლაპარაკების შემდგომ რაუნდზე ივანიშვილის წარმომადგენლებს ჩემთან ერთად მოუწევთ მაგიდასთან დასხდომა, სადაც მექნება უდიდესი მორალური და ფსიქოლოგიური უპირატესობა. თუ რატომ, ამის ახსნას არ დავიწყებ. გარდა ამისა, ხელისუფლება არ მომცემს საშუალებას აქტიურად ჩავერთო 15 მაისის საპროტესტო აქციის მომზადებაში და ამ მიზნით შემოვიარო მთელი თბილისი და ყველა რაიონი”,  – ამბობს ნიკა მელია “მთავარი არხისთვის” გაგზავნილ წერილში.

“ნაციონალური მოძრაობის” ოფისში ნიკა მელია 23 თებერვალს დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 17 თებერვალს პატიმრობა შეუფარდა მას შემდეგ, რაც მელიამ პროტესტის ნიშნად უარი თქვა გირაოს გადახდაზე.