მსოფლიოს ყველაზე შეძლებული ადამიანები „სინოფარმით“ აიცრნენ – კულუმბეგოვი

0
183

„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მსოფლიოს ყველაზე შეძლებული ადამიანები, შეიხებიც კი, ჯერ კიდევ დეკემბერში, ამ ვაქცინით აიცრნენ“, – ეს განცხადება ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში ჩინური ვაქცინის შესახებ გააკეთა.

კულუმბეგოვის თქმით, „სინოფარმს“ უკვე შეფასების ბევრი ეტაპი აქვს გავლილი. მათ შორის კი ჯანმოს ექსპერტთა შეფასებაც მოიაზრება.

„ალბათ, დღეს ან ხვალ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა კომიტეტი ოფიციალურ განცხადებას გამოაქვეყნებს. დღეს ან ხვალ, გვეცოდინება განცხადების შინაარსი. მათ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ორი მოლოდინი არსებობს, რომ ვაქცინა ავტორიზებულია გადაუდებელი გამოყენებისთვის ან მეორე – დამატებითი დოკუმენტაციაა საჭირო და გადაწყვეტილება რამდენიმე კვირით გადაიწევს.

ამ ვაქცინას იმდენი ეტაპი აქვს გავლილი, უარს ნამდვილად არ ეტყვიან. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებს ის უკვე შეფასებული აქვთ. 38 ქვეყანაში, უკვე 80 მილიონამდე ადამიანია აცრილი. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მსოფლიოს ყველაზე შეძლებული ადამიანები, შეიხებიც კი, ჯერ კიდევ დეკემბერში, ამ ვაქცინით აიცრნენ. უსაფრთხოების თვალსაზრისით, ეს ნამდვილად მყარი ვაქცინაა“,- აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა.