მეგი ბაქრაძის საქმეზე ბრალდებულ ექიმებს შესაძლოა საექიმო სერტიფიკატები შეუჩერდეთ – თამარ გაბუნია

0
27

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულ ექიმებს შესაძლოა საექიმო საქმიანობის სერტიფიკატები შეუჩერდეთ.

„საექიმო შეცდომებს განიხილავს პროფესიული განვითარების საბჭო, რომელსაც შეუძლია დააყენოს საკითხი სერტიფიკატის შეჩერების ან შეწყვეტის თაობაზე. ეს არის მაქსიმალური სანქცია, რაც შეიძლება პროფესიული განვითარების საბჭომ გამოიტანოს“, – განაცხადა გაბუნიამ.

2021 წლის 18 მარტს კორონავირუსზე „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრის შემდეგ ახალციხეში 27 წლის ექთანს მძიმე გვერდითი რეაქცია განუვითარდა. მას ადგილზე ჩაუტარდა გადაუდებელი დახმარება და მოთავსდა რეანიმაციაში, სადაც ხელოვნურ სუნთქვაზე გადაიყვანეს. იმავე დღეს ქალი თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. მეგი ბაქრაძე 19 მარტს გარდაიცვალა. მომხდარზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.

7 აპრილს საქართველოს პროკურატურამ მედდის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე „ახალციხის კლინიკა იმედის“ ექიმებს ბ.ლ.-ს, ვ.ი-ს და ექთანს თ.გ.-ს ბრალი წარუდგინა.