„კონფლიქტი წყლის გამო: ბიშკეკმა განაცხადა, რომ ტაჯიკეთმა მის ხუთ სასაზღვრო საგუშაგოს შეუტია“-BBC

0
98

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია „ბი-ბი-სი“-ს რუსულმა სამსახურმა BBC russian») გამოაქვეყნა სტატია სათაურით „კონფლიქტი წყლის გამო: ბიშკეკმა განაცხადა, რომ ტაჯიკეთმა მის ხუთ სასაზღვრო საგუშაგოს შეუტია“, რომელშიც 28 აპრილს ცენტრალური აზიის ორ სახელმწიფოს – ყირგიზეთსა და ტაჯიკეთს შორის მომხდარი შეირაღებული ინციდენტის მიზეზები და გარემოებებია გაანალიზებული.

„შეირაღებული შეტაკება მოხდა ყირგიზეთ-ტაჯიკეთის საზღვარზე: ხუთშაბათს საღამოსთვის ურთიერთსროლების შედეგად დაჭრილ ყირგიზეთის მოქალაქეთა რაოდენობამ 84-ს მიაღწია. დაიღუპა სამი ადამიანი, მათ შორის 12 წლის გოგონა.

რა მოხდა…

„დაახლოებით საღამოს 17 საათზე ადგილობრივი დროით ტაჯიკურმა მხარემ ცეცხლი გაუხსნა ყირგიზეთის სასაზღვრო საგუშაგოებს „კაპჩიღაის“, „მინ-ბულაყს“ და „დოსტუკს“, აგრეთვე  „კოჟოგარისა“ და „ბულაყ-ბაშის“ სასაზღვრო პოსტებს. ნღმმტყორცნების ცეცხლის შედეგად ხანძარი გაუჩნდა და განადგურდა ყირგიზეთის ბატკენის სასაზღვრო-საგუშაგო რაზმის შენობა.

ყირგიზეთის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის პრესსამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, „ტაჯიკური მხარის ძალისმიერი მოქმედების საპასუხოდ, ყირგიზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების სპეციალური დანიშნულების რაზმმა ხელში ჩაიგდო ტაჯიკეთის რესპუბლიკის სასაზღვრო საგუშაგო „ხოჯა ალო“.

რაზე მოილაპარაკეს…

ხუთშაბათს გვიან საღამოს ყირგიზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ცნობა, რომ მხარეები შეთანხმდნენ ცეცხლის შეწყვეტისა და სამხედრო ძალების დისლოკაციის ადგილებში დაბრუნების თაობაზე. მინისტრმა რუსლან კაზაკბაევმა განაცხადა, რომ ყირგიზეთს მეზობლის ტერიტორიაზე პრეტენზია არ აქვს, „მაგრამ თავის მიწა-წყალს არავის დაუთმობს“. თავის მხრივ, შეთანხმების ფაქტი ტაჯიკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც დაადასტურა: „უახლოეს ხანში ქალაქ ისფარში დაიწყება მოლაპარაკება ორი ქვეყნის სამართალდამცველი ორგანოების ხელმძღვანელებს შორის“, – ნათქვამია ტაჯიკეთის დიპლომატიური უწყების განცხადებაში. შეთანხმების მიხედვით, ორივე მხარე მოსახლეობაში შესაბამის ახსნა-განმარტებით მუშაობას ჩაატარებს.

მაგრამ როგორც ყირგიზეთის ბატკენის რაიონში მთავრობის რწმუნებულმა ომურბეკ სუვანალიევმა აღნიშნა, სამხედრო შეტაკება წუხელ ღამითაც მოხდა ყირგიზეთ-ტაჯიკეთის საზღვრის კიდევ ერთ მონაკვეთზე – ბატკენის ოლქის ლეილეკის რაიონში, სოფლებთა არკასთან და მაკსატთან ახლოს. ადგილობრივი მოსახლეობა ევაკუირებულია. „გზის გასწვრივ ყირგიზეთის მოქალაქეების სახლები და სხვა ობიექტები იწვის“, – განაცხადა ბატკენის ოლქის შინაგანს საქმეთა სამმართველოს პრეს-მდივანმა დამირ იუსუფოვმა.

ტაჯიკეთი და ყირგიზეთი, რუსეთთან ერთად, ერთი სამხედრო ბლოკის – კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის – წევრები არიან.

სეზონური შეხლა-შემოხლა?

შუა აზიაში გაზაფხული ძალაში შევიდა, მოსახლეობას წყალი ჭირდება. ტაჯიკეთსა და ყირგიზეთს შორის დროდადრო სიტუაციის გამწვავება სწორედ წყლის გამო ხდება ხოლმე, განსაკუთრებით ბატკენის ოლქში, სადაც ტაჯიკური ანკლავი „ვორუხი“  მდებარეობს, რამდენიმე ათასი მცხოვრებით. იქვეა მდინარე ისფარის ცენტრალური წყალგამანაწილებელი, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის პერიოდშია აშენებული და სარწყავი წყლით ახლა უკვე დამოუკიდებელი სახელმწიფოების – ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის მოსახლეობას ამარაგებს.

ტაჯიკეთში თვლიან, რომ ყირგიზეთის ხელისუფლება წყალს არასწორად ანაწილებს. გაზაფხულზე და ზაფხულში, როცა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები მიმდინარეობს, წყლის ხარჯი ათჯერ მეტად იზრდება, შესაბამისად, მეზობლებს შორის კონფლიქტი მწვავდება.

ამჯერად ურთიერთშეტაკება იმის გამო დაიწყო, რომ ტაჯიკეთის ხელისუფლების წარმომადგენლები შეეცადნენ წყალგამანაწილებლის ახლოს მდგარ ელექტრობოძზე, წყლის განაწილების პროცესის გაკონტროლების მიზნით, ვიდეოკამერები დაეყენებინათ. ამის დანახვაზე ყირგიზეთის წარმომადგენლები აღშფოთდნენ, მივარდნენ ბოძთან და მისი მოხერხვა დაუწყეს. დაიწყო შეხლა-შემოხლა, მხარეებმა ერთმანეთს ჯერ ქვები დაუშინეს, შემდეგ კი პირველი გასროლებიც გაისმა…

როგორც წესი, მხარეებმა დამატებითი ძალები გამოიძახეს და შეტაკებაში სამხედროები ჩაერიენ. ყირგიზელთა მტკიცებით, ტაჯიკებმა ნაღმმტყორცნებიც კი გამოიყენეს. ყირგიზეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სამედიცინო დახმარება 17-მა ადამიანს დაჭირდა, ერთი ადამიანი კი დაიღუპა. ტაჯიკეთის წარმომადგენლება განაცხადეს, რომ მათი სამი მოქალაქე დაიღუპა, 31 კი დაიჭრა.

ტაჯიკეთს და ყირგიზეთს ერთმანეთისაგან 900-კილომეტრიანი სახელმწიფო საზღვარი ჰყოფთ, რომელიც სანახევროდაც კი არ არის დემარკირებული. შესაბამისად, საზღვრის ხაზი პირობითია და ხშირად გადის ან გზაზე, ან დასახელბული პუნქტებტან ახლოს. საზღვრის დაზუსტება ჯერ-ჯერობით შეუძლებელია, რადგან წყლის, მიწისა და საძოვრების გამო ადგილობრივ მოსახლეობას შორის პრობლემები ჩნდება.

ორივე სახელმწიფოს საზღვრის გასწვრივ არსებული სადაო ტერიტორიები თითქმის 30%-ს შეადგენს და ყველაზე დაძაბულ მონაკვეთებად ითვლებიან.