„კომპრომისის მონახვა შესაძლებელია თუ მმართველი გუნდი და ოპოზიცია პოლიტიკური გამბედაობის დემონსტრირებას მოახდენს “ – პიტერ სტანო

0
118

“კომპრომისის მონახვა შესაძლებელია თუ მმართველი გუნდი და ოპოზიცია მოახდენს პოლიტიკური გამბედაობის დემონსტრირებას,“- ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების პრესსპიკერმა პიტერ სტანომ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, კრისტიან დანიელსონის მედიაცია წარმატებული ვერ აღმოჩნდა.

„ბატონი დანიელსონის მედიაციის მისია ვერ აღმოჩნდა წარმატებული, არცერთ მხარეს არც მმართველ გუნდს და არც ოპოზიციას არ აღმოაჩნდა პოლიტიკური ნება კომპრომისის მისაღწევად. ევროკავშირის ლიდერები, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი და საგარეო საკითხებში უმაღლესი წარმომადგენელი ბორელი შემდგომ ნაბიჯებზე მსჯელობენ.

მსჯელობა ჯერ კიდევ გრძელდება, ამიტომ არ ვფლობთ ინფორმაციას კონკრეტულ შედეგებსა თუ თარიღებზე. ევროკავშირის გზავნილი უცვლელია საქართველოში პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელად კომპრომისის მონახვა შესაძლებელია თუ მმართველი გუნდი და ოპოზიცია მოახდენს საჭირო პოლიტიკური გამბედაობის სიმწიფისა და მზაობის დემონსტრირებას.

რაც შეეხება მინისტრების მიერ ამ საკითხების განხილვას, რაც ვიდეოკონფერენციის საშუალებით ჩატარდება ჯერ კიდევ არ არის დღის წესრიგი ჩამოყალიბებული, თუმცა ამის შესახებ ინფორმაცია მალე გამოქვეყნდება“, – აცხადებს პიტერ სტანო.

შეგახსენებთ, რომ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის ევროპული საბჭოს სპეციალური წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის მედიატორობით მიმდინარე მოლაპარაკება შეთანხმების გარეშე დასრულდა.

ამ ეტაპზე უცნობია, გაგრძელდება თუ არა მოლაპარაკების პროცესი.