კოლბაში გაზრდილ თაგვებს ორგანოები და კიდურები ჩამოუყალიბდათ

0
171

განვითარების ბიოლოგებმა გამოიგონეს მეთოდი, რომლის საშუალებითაც თაგვის ემბრიონებს საშვილოსნოს გარეთ ზრდიან. ეს უპრეცედენტო მეთოდი მეცნიერებს საშუალებას მისცემს თვალი ადევნონ ძუძუმწოვრების ორგანოების და კიდურების ჩამოყალიბების პროცესს. სისტემა, რომელიც ებრაელმა მეცნიერებმა წარადგინეს მოიცავს მბრუნავ ბოთლებს, რომლებიც სავსეა საკვები ნივთიერებებით.

ცნობილია, რომ თაგვების ფეხმძიმობა 20 დღე გრძელდება, ხოლო ჩანასახები აღნიშნულ სისტემაში მოთავსების შემდეგ, განვითარების მე-5 დღიდან მე-11 დღემდე ცოცხლობენ. ამ პერიოდში ემბრიონებს უკანა კიდურები და ყველა სასიცოცხლო ორგანო უყალიბდებათ.

იმისათვის, რომ მოცემული ტექნიკა შეემუშავებინათ, ვაიცმანის ინსტიტუტში მოღვაწე ბიოლოგ, ჯეიკობ ჰანას და მის კოლეგებს 7 წლიანი კვლევა დასჭირდათ. აქამდე, ემბრიონების საშვილოსნოს მიღმა გაზრდა განვითარების პირველ 4-5 დღემდე იყო შესაძლებელი. ამიერიდან, ეს პერიოდი თითქმის ერთი კვირით გაიზარდა, რაც მეცნიერების თქმით საოცარი შედეგია. კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.

გარდა საკვები ნივთიერებისა, რაშიც ჩანასახები ტივტივებენ, მბრუნავი შუშის ბოთლები ემბრიონებს საკმარისი ჟანგბადითა და ატმოსფერული წნევით უზრუნველყოფს. ჰანას თქმით, ჟანგბადის სწორი კონცენტრაციისა და ჰაერის შესაფერისი წნევის მიღწევა ყველაზე რთული გამოწვევა იყო.

ახლად შემუშავებული პროცედურა მოიცავს ორ საფეხურს. პირველ რიგში, ორსული თაგვისგან იღებენ ემბრიონს და სპეციალურ ჭურჭელში განვითარების მე-7 დღემდე ამყოფებენ. შემდეგ, ემბრიონებს მბრუნავ კოლბებში ათავსებენ, სადაც ისინი სიცოცხლეს კიდევ 4 დღის განმავლობაში ინარჩუნებენ. ჰანა ამბობს, რომ სამომავლოდ, ინ ვიტრო განაყოფიერებით მიღებული თაგვების ჩანასახების გაზრდას გეგმავს.

მეცნიერები ამტკიცებენ, რომ არსებობს ბუნებრივი ლიმიტები – ემბრიონი მუცლის გარეთ 11 დღეზე მეტ ხანს ვერ იცოცხლებს. ჩანასახი სისხლის და საკვები ნივთიერებების დანაკლისის გამო საკმარისად დიდი ვერ გაიზარდება. თუმცა, ამ ტექნიკის შემუშავებამ მეცნიერებს საშუალება მისცა ბევრ, აქამდე ბურუსით მოცულ კითხვებზე პასუხები ეპოვათ.

ჰანა ამბობს, რომ მბრუნავ ბოთლებში ადამიანების ემბრიონების გაზრდას ჯერ არ აპირებს, ვინაიდან ეს ღეროვანი უჯრედების კვლევის საერთაშორისო საზოგადოების რეკომენდაციებს ეწინააღმდეგება, თუმცა არსებული პროტოკოლები დროთა განმავლობაში გადახედვას ექვემდებარება.

„რა თქმა უნდა, დიდი სამეცნიერო მნიშვნელობა აქვს მსგავსი ცდების ადამიანების ემბრიონებზე ჩატარებას, ვინაიდან ძალიან მწირ ინფორმაციას ვფლობთ ადამიანის განვითარების ამ ეტაპების შესახებ.“ – აღნიშნავს ჰანა და ამატებს, რომ ისრაელის კანონმდებლობა არ აკრძალავს ამ ტიპის ექსპერიმენტებს, თუ მეცნიერები ეთიკის ფარგლებს არ გასცდებიან.

მოამზადა ანა აბზიანიძემ

წყარო: https://www.sciencemag.org/news/2021/03/mouse-embryos-grown-bottles-form-organs-and-limbs