კახა კალაძე კლინიკას, სავარაუდოდ, ხვალ დატოვებს

0
62

თბილისის მერს კახა კალაძეს კლინიკიდან, სავარაუდოდ, ხვალ გაწერენ.

როგორც კარდიოლოგი, პროფესორი ზურაბ ფაღავა აცხადებს, მერის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მას ამ ეტაპზე ჩივილები აღარ აქვს.

„მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სავსებით დამაკმაყოფილებელია. სტაბილურია, ჩივილები არ აქვს, უბრალოდ ტექნიკურად რაღაც მკურნალობა არის გასაგრძელებელი, სავარაუდოდ, ხვალ დატოვებს კლინიკას.

კარდიოლოგიური თვალსაზრისით მას არანაირი შეზღუდვა არ აქვს, მოგეხსენებათ კლინიკა სადაც ის წევს არის გულისა და ფილტვის დაავადებათა დეპარტამენტი, რაც შეეხება მეორე დაავადებას, რის გამოც ის რეალურად ამ ეტაპზე იტარებს ეს არის – ვესტიბულარული აპარატის ფუნქციის დარღვევა, ამ მხრიდანაც მდგომარეობა არის სრულიად დამაკმაყოფილებელი და ის შეძლებს სრულფასოვან მუშაობას“, – აღნიშნა ზურაბ ფაღავა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერს ე.წ.ვესტიბულოპათია აქვს დადასტურებული.

თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, იგი მუშაობას, დროებით, კვლავ დისტანციურ რეჟიმში გააგრძელებს.