კათოლიკე ეკლესია ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავს

0
38

კათოლიკე ეკლესია ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით სააღდგომო ღვთისმსახურება საქართველოში მოქმედ ყველა კათოლიკურ ეკლესიაში ჩატარდება.

„რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და მთავრობა კათოლიკურ ეკლესიას, მრევლს და სრულიად საქართველოს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს. სამწუხაროდ, პანდემიის გამო თვითონ ვატიკანშიც მისი უწმინდესობა რომის პაპიც ვერ ასრულებს, ისე როგორც საჭიროა და აქედან გამომდინარე, სრულიად საქართველო შეზღუდულები ვართ ასეთ ღონისძიებებში. იმედია, პანდემიას მალე დავამარცხებთ და მომავალ წელს ჩვეულებრივად აღინიშნება რელიგიური დღესასწაულები. რელიგიის სააგენტო მრევლზე ზრუნავს და ცდილობს მათ ჯანმრთელობას ყურადღება მიაქციოს“, – განაცხადა რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს ანალიტიკოსმა ზვიად ტყაბლაძემ.

კათოლიკური აღდგომის დღესასწაული მრევლს წინამძღვარმაც მიულოცა და ამ დღის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„დღეს კათოლიკური ეკლესია აღდგომას აღნიშნავს, ესაა წელიწადის განმავლობაში ყველაზე დიდი დღესასწაული. აღვნიშნავთ ქრისტეს მკვდრეთით აღდგომას, ეს იმას ნიშნავს, რომ ქრისტე ჩვენთვის იტანჯა, მოკვდა, დაიმარხა, მაგრამ მესამე დღეს აღდგა, ეს ის დღეა, როცა ქრისტემ სიკვდილი დაამარცხა. ყველა ქრისტიანისათვის ძალიან მნიშვნელოვანი დღესასწაულია, რადგან ქრისტეს მკვდრეთით აღდგომით გზა გაგვეხსნა ცათა სასუფევლისკენ. მინდა მივულოცო ყველა კათოლიკეს, ვინც დღეს აღდგომას აღნიშნავს. გისურვებთ ყველას, გამოგეცადოთ აღმდგარი ქრისტეს ძალა“, – განაცხადა თბილისის კათოლიკური საკათედრო ტაძრის წინამძღვარმა მამა ზურაბ კაკაჩიშვილმა.