ვინ დაიბეგრება 18%-ით booking.com-ის საშუალებით ბინის გაქირავებისას?

ივლისი 19, 21:44
0
276
Woman Handing Over the House Keys To A New Home Inside Empty Grey Colored Room.

დაიგებრება თუ არა ფიზიკური პირი დღგ-ს 18%-ით იმ შემთხვევაში, თუ booking.com-ის საშუალებით ბინას გააქირავებს? ეს ის კითხვაა, რომელიც გასული უქმეების განმავლობაში სოციალურ ქსელში ხშირად ისმოდა.

შემოსავლების სამსახურის განმარტებით, უცხოელ დასაბეგრ პირს (ამ შემთხვევაში BOOKING.COM) დღგ-ით დაბეგვრის ვალდებულება წარმოეშობა, მხოლოდ იმ ციფრული მომსახურების მიწოდებაზე, რომელსაც გაუწევენ საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ არამეწარმე ფიზიკურ პირებს.

საქმე ეხება ფინანსთა მინისტრის 996-ე ბრძანებას, სადაც შესული ცვლილებების თანახმად, დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება დასაბეგრ პირს წარმოეშობა, რომელიც არ არის დაფუძნებული ან ჩვეულებრივ არ ცხოვრობს საქართველოში ან სულაც საქართველოში არ გააჩნია ფიქსირებული დაწესებულება. ასეთი უცხოური კომპანიების ჩამონათვალშია ტელესაკომუნიკაციო მომსახურება, რადიო ან ტელესამაუწყებლო მომსახურება, ელექტრონულად გაწეული მომსახურება.

შესაბამისად, ეს არ არის მხოლოდ booking.com-თან დაკავშირებული ცვლილებები. უბრალოდ პირველმა თავის მომხმარებლებს ეს სიახლე სწორედ ამ პლატფორმამ შეატყობინა.

უფრო მეტი სიცხადისთვის, თუ ვინ დაიბეგრება აღნიშნული გადასახადით და რა თანხის დაბეგვრა მოხდება booking.com-ის მაგალითი განვიხილოთ, რომლის განზოგადებაც სხვა ელექტრონულად გაწეულ მომსახურებებზეც მოხდება.

როგორც კომპანია booking master-ის წარმომადგენელი გვიყვება, სქემა ასეთია: ფიზიკური პირი, რომელიც ბინას booking.com-ის საშუალებით აქირავებს, მის მიერ გადახდილ თანხას booking.com აქამდეც 15-25%-მდე ბეგრავდა, ცვლილებების მიხედვით, რომელიც ძალაში 1 აგვისტოდან უნდა შევიდეს, სწორედ ამ თანხის 18%-ის გადახდა მოუწევს უშუალოდ booking.com-ს.

“იმ შემთხვევაში თუ პირს აქვს შემოსავალი booking.com-დან პირობითად თვეში 1000 ლარი, ამ შემთხვევაში 15%-ის გადახდა უწევდა პლატფორმისთვის, რაც არის 150 ლარი. ახალი რეგულაციით, ამ 15%-ის, ანუ 150 ლარის 18% უნდა გაიხადოს, რაც არის 27 ლარი. ანუ გამქირავებელს 150 ლარის ნაცვლად 177 ლარის გადახდა მოუწევს”, – აცხადებს კომპანია booking master-ის წარმომადგენელი თამარ კონცელიძე.

ცვლილებები დღგ-ს 18%-ის გადახდას ფაქტია თავად უცხოურ კომპანიებს ავალდებულებს. თუმცა როგორც ის სუბიექტები ყვებიან, რომლებიც სწორედ booking.com-ით აქირავებენ ბინებს, იმ წერილში, რომელიც პლატფორმამ გაავრცელა, აღნიშნულია, რომ ამ გადასახადის გადახდას booking.com-ის ადმინისტრაცია ფიზიკურ პირებს ავალდებულებს.

უკვე კეთდება პროგნოზები, რომ ფიზიკურ პირებს მომსახურება გაუძვირდებათ, რაც საბოლოოდ ჯამში სავარაუდოდ გავლენას იმ ფასებზე მოახდენს, რა ფასებითაც საბოლოო მომხმარებელი ბინის დაქირავებას ახერხებდა.

აუდიტორული კომპანია “კრესტონ პაპიაშვილის” მმართველი პარტნიორი დავით პაპიაშვილი ამბობს, რომ ამ მიმართულებით შესაბამის უწყებებს უფრო აქტიურად უნდა ემუშავათ და შესაბამისი ინფორმაცია უცხოური კომპანიებისთვის დროულად მიეწოდებინათ. მისი თქმით, დღგ-თი არამარტო booking.com, არამედ სხვა არაერთი უცხოური კომპანია დაიბეგრება, რომლის მომსახურებითაც აქტიურად ვსარგებლობთ. შესაბამისად, არ არის გამორიცხული რომ მათი მომსახურებაც გაძვირდეს.

“დღგ, როგორც არა პირდაპირი გადასახადი, დააწვება იმ ფიზიკურ პირებს, რომლებიც არ იქნებიან დღგ-ს გადამხდელები. თუ ბიზნესზე ვლაპარაკობთ, ვინც სასტუმროა და დღგ-ს გადამხდელია, იმ დღგ-ს ჩათვლა რაღაც ფორმით უნდა მოხდეს. მე არ გამოვრიცხავ, რომ ფინანსთა სამინსიტრომ და შემოსავლების სამსახურმა, გააგრძელოს, ლოგიკურად და მოვთხოვოთ იმათ გადასახადების გადახდა, ვინც აქამდე არ იხდიდა”, – აცხადებს აუდიტორული კომპანია “კრესტონ პაპიაშვილის” მმართველი პარტნიორი დავით პაპიაშვილი.

ცნობისთვის, შემოსავლების სამსახურის მხრიდან გავრცელებულ განცხადებაშიც ვკითხულობთ, რომ booking.com-თან ერთად დღგ-ს 18%-ის გადახდა მოუწევთ ისეთ ელექტრონულ პლატფორმებსაც როგორებიცაა GOOGLE, FACEBOOK, YOUTUBE, NETFLIX, SPOTIFY. კომპანიების არეალი ფართოა, რომლებიც დღგ-ს დაბეგვრის აღნიშნულ სისტემაში უნდა ჩაერთონ, რომლისთვისაც რეგისტრაცია შესაბამის ბმულზე 1-ლი ივლისიდან უკვე დაწყებულია.