ვერც ერთმა დამპყრობელმა ვერ შეძლო თავისუფლებისმოყვარე ქართველი ხალხის დაჩოქება, როგორ შეიძლებოდა ისეთ უსახურ პოლიტიკოსებს დავმორჩილებოდით, როგორიცაა სააკაშვილი და მისი კრიმინალური ბანდა – პრემიერი

სექტემბერი 10, 15:44
0
75

როგორ შეიძლებოდა ისეთ უსახურ პოლიტიკოსებს დავმორჩილებოდით, როგორიც არის სააკაშვილი და მისი კრიმინალური ბანდა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თიანეთში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, ლევან წიკლაურის წარდგენისას განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დიდი ზიანი მიაყენა ქვეყანას და ახლაც ცდილობს, ისტერია და დაძაბულობა შემოიტანოს.

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი არის თავისუფლება. თავისუფლება, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს დავუბრუნეთ. ზოგიერთ უგუნურ მმართველებს ეგონათ, რომ საკუთარი მოკლე მხედველობით შეძლებდნენ ჩვენი ღირსეული ხალხის დაჩოქებას. ერთ გამოსვლაში ვთქვი და მინდა გავიმეორო, ვერც ერთმა დამპყრობელმა ვერ შეძლო თავისუფლებისმოყვარე ქართველი ხალხის დაჩოქება. როგორ შეიძლებოდა ისეთ უსახურ პოლიტიკოსებს დავმორჩილებოდით, როგორიც არის სააკაშვილი და მისი კრიმინალური ბანდა. აღარ მინდა თქვენი ყურადღება შევაჩერო მათ მიერ მიყენებულ დიდ ზიანზე, რომელიც მათ ჩვენს ქვეყანას მიაყენეს. ნგრევა და უბედურება მოუტანეს ჩვენს ქვეყანას. შფოთვა, ალიაქოთი და ეს ისტერია მათ შემოიტანეს სწორედ ჩვენს ქვეყანაში. სამწუხაროდ, იმის მიუხედავად, რომ ჩვენმა ხალხმა მშვიდობიანად გაისტუმრა ეს მოძალადე ხელისუფლება, ხედავთ, რომ ბოლო 9 წელია სისტემატურად მიმდინარეობს ხელოვნური კრიზისების შექმნა. ყოველდღიურად მოედინება ზღვარგადასული ნიაღვარი მათ მიერ მართული ანგაჟირებული პოლიტიკური ტელევიზიებიდან, რომლითაც პირდაპირ აღვივებენ ზიზღს, დაპირისპირებას, შუღლს. ეს რა თქმა უნდა, ჩვენს ხალხს და ქვეყანას არაფერს კარგს არ უქადის და კარგს არაფერს მოუტანს“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

Cesko