ვადასტურებ საუბრის ავთენტურობას მეუფე თეოდორესთან – მამუკა ხაზარაძე

სექტემბერი 14, 13:16
0
61

„ლელო საქართველოსთვის” ლიდერი მამუკა ხაზარაძე ე.წ. ფარულ ჩანაწერებში მასსა და მეუფე თეოდორეს შორის გამართული საუბრის ავთენტურობას ადასტურებს.

როგორც ხაზარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, სასწრაფოდ უნდა დაიწყოს გამოძიება და დაიკითხოს ისიც, როგორც ფაქტის ერთ-ერთი მონაწილე.

„გუშინ საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა უპრეცედენტო რაოდენობის ჩანაწერები, რომელიც მომართულია უკანონოდ ჩვენი მოქალაქეების საწინააღმდეგოდ. „ოცნების” ხელისუფლება უსმენს და მალულ თვალთვალს აგრძელებს კონსტიტუციისა და ადამიანური უფლებების სრული დარღვევით. „ქართული ოცნება”, რომელიც გვევლინება ეკლესიის დამცველად, რეალურად აშანტაჟებს ეკლესიას და მათ წარმომადგენლებს.

მინდა დავადასტურო ერთ-ერთი საუბრის ავთენტურობა, რომელიც მქონდა 2019 წელს მეუფე თეოდორესთან. ვადასტურებ ჩანაწერს, რომელიც გაკეთებულია იმ დროს, როდესაც გახარია იყო შს მინისტრი და ხელისუფლებამ ჩვენს წინააღმდეგ დაიწყო აღვირახსნილი კამპანია. მინდა მოვუწოდო პროკურატურას, რომ სასწრაფოდ დაიწყოს გამოძიება და დამკითხონ მე, როგორც ფაქტის მონაწილე, რომ დავადასტურო ჩანაწერის ავთენტურობა”, – აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.

მისივე განცხადებით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილსა და ყოფილ ხელისუფლებას შორის არავითარი განსხვავება აღარ არსებობს. ხაზარაძე ჩანაწერებთან დაკავშირებით სუს-ის ხელმძღვანელის, შსს მინისტრის გადადგომას და გახარია-ღარიბაშვილისგან პასუხისმგებლობის აღებას ითხოვს.

„მინდა მივმართო ღარიბაშვილს, რომელმაც გადაიბარა „ნაციონალური მოძრაობის” ავი, კანონსაწინააღმდეგო ჩვევა და გააგრძელა ადამიანების მოსმენა/დაშანტაჟება და ა.შ. გამოვიდნენ ,,ოცნების” მესვეურები და ახსნან, რა განსხვავებაა მათსა და “ნაციონალურ მოძრაობას” შორის, რომელიც ასევე აშანტაჟებდა ადამიანებს.

მოვითხოვ, სუს-ის ხელმძღვანელი გამოვიდეს, გააკეთოს განცხადება და გადადგეს, ასევე გადადგეს შს მინისტრი და პასუხისმგებლობა აიღონ გახარია-ღარიბაშვილმა იმ ქმედებებზე, რომელსაც აწარმოებენ ქართველი ხალხის წინააღმდეგ”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

Cesko