უკრაინაში მეგის ქარდავას საქმის მოსამართლე გარდაცვლილი იპოვეს

სექტემბერი 12, 15:16
0
1341

უკრაინაში გარდაცვლილი ნახეს მოსამართლე, რომელმაც ორი დღის წინ საქართველოს სამხედრო პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის მეგის ქარდავას ექსტრადირების საქმე განიხილა და საექსტრადიციო პატიმრობა მიუსაჯა.

უკრაინული მედიიის ინფორმაციით, მოსამართლე ვიტალი პისანცის ცხედარი საცხოვრებელ სახლში იპოვნეს. მოსამართლე გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე სტუმრებს მასპინძლობდა.

ამ დროისთვის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უცნობია. უკრაინული პრესა არ გამორიცხავს, რომ ფაქტი მოსამართლის საქმიანობას უკავშირდებოდეს. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

ამასთანავე, მეგის ქარდავას საქართველოში ექსტრადირების შესახებ მორიგი პროცესი ხვალ, 13 სექტემბერს არის ჩანიშნული.

საქართველოს პროკურატურა მეგის ქარდავას ექსტრადირებას მის წინააღმდეგ არსებული სისხლის სამართლის 11 საქმეზე ითხოვს. გარკვეულ საქმეებზე ქარდავა დაუსწრებლად არის მსჯავრდებული, ხოლო დანარჩენი საქმეები არსებითად განიხილება შესაბამის სასამართლოებში.

მეგის ქარდავა თავდაპირველად 2018 წელს, რუმინეთის ტერიტორიიდან ყალბი პასპორტის მეშვეობით უკრაინაში შეღწევის მცდელობისას დააკავეს. იმავე წლის დეკემბერში მას საექსტრადიციო პატიმრობა შინაპატიმრობით შეეცვალა.

Cesko