უკრაინა და საქართველო სტრატეგიული პარტნიორები არიან, ეს არ არის მხოლოდ სიტყვები – უკრაინის პრემიერი

ივნისი 3, 11:55
0
64

უკრაინა და საქართველო სტრატეგიული პარტნიორები არიან, ეს არ არის მხოლოდ სიტყვები, ეს დასტურდება კონკრეტული საქმეებით, ფაქტებით და რა თქმა უნდა, ჩვენი პარტნიორობით, – ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც დენის შმიგალმა აღნიშნა, რუსეთის ფედერაციის მხრიდან დესტაბილიზაციისკენ მიმართული ქმედებები შავი ზღვის რეგიონში, აიძულებენ უკრაინას და საქართველოს უფრო მჭიდროდ ითანამშრომლონ უსაფრთხოების სფეროში, მათ შორის, ნატოს ქვეყნების ჩართულობით.

„უპირველესყოვლისა, მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს კოლეგას, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს ტრადიციული სტუმართმასპინძლობისთვის, მეგობრული და კონსტრუქტიული ატმოსფეროსთვის, რომლითაც დახვდნენ უკრაინულ დელეგაციას თბილისში. ეს არის ჩემი პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში, რომელიც დაემთხვა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ეს ორმაგად სასიამოვნოა.

უკრაინის ხალხის სახელით, მინდა ქართველ ხალხს ვუსურვო მშვიდობა, კეთილდღეობა და ურთიერთშეთანხმება“, – განაცხადა უკრაინის პრემიერმა და ქართულად აღნიშნა: „საქართველოს გაუმარჯოს“.

მისივე თქმით, ამ რთული გლობალური გამოწვევების პირობებში, რომელიც პირველ რიგში უკავშირდება კორონავირუსს, მისი ვიზიტი საქათველოში იძენს განსაკუთრებულ მნიშვნელობას.

„ჩვენ ვხედავთ, რომ ურთიერთობა ჩვენს ხალხებს შორის უფრო დიდ იმპულსს იძენს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი ქვეყნების ბიზნესისთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის.

უკრაინა-საქართველო სტრატეგიული პარტნიორები არიან, ეს არ არის მხოლოდ სიტყვები, ეს დასტურდება კონკრეტული საქმეებით, ფაქტებით და რა თქმა უნდა, ჩვენი პარტნიორობით.

დღევანდელი ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის ემაყრება, პირველ რიგში, უკრაინის და საქართველოს მთავრობების ერთობლივ მიზნებს, ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანების თვალსაზრისით.

დარწმუნებული, ვარ ევროკავშირსა და ნატო-ში ჩვენი ქვეყნების შესვლა ეს მხოლოდ დროის საკითხია, ჩვენი მხრიდან, საქართველოს და უკრაინის მთავრობები ყველაფერს აკეთებენ, რომ ამისთვის მიაღწიონ საჭირო კრიტერიუმს.

მინდა აღვნიშნო, ჩვენი პოზიციების, ქმედებების და ხედვების აღმოსავლეთ პარტიორობის შემდგომ განვითარებასთან დაკავშირებით.

რამდენიმე კვირის წინ, უკრაინამ, საქართველომ და მოლდოვამ შექმნეს „ასოცირებული ტრიო“, რომელიც, ერთის მხრივ, ხაზს უსვამს ევროპულ მისწრაფებებს ჩვენი ქვეყნების და მათ ამბიციებს, რომ გახდნენ ევროკავშირის წევრები. მეორე მხრივ, იძლევა საშუალებას, უფრო ეფექტურად მოემზადონ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის, კერძოდ რეგიონალური უსაფრთხოების განმტკიცების საკითხებთან უფრო დიდი ყურადღების გამახვილება.

რუსეთის ფედერაციის მხრიდან დესტაბილიზაციისკენ მიმართული მიმდინარე ქმედებები შავი ზღვის რეგიონში აიძულებენ უკრაინას და საქართველოს უფრო მჭიდროდ ითანამშრომლონ უსაფრთხოების სფეროში, მათ შორის, ნატოს ქვეყნების ჩართულობით“, – აღნიშნავს პრემიერი.