Twitter-მა კონგრესმენის ანგარიში გაყინა

ივლისი 20, 13:27
0
60

მიკრობლოგმა Twitter-მა რესპუბლიკური პარტიის წევრის, მარჯორი ტეილორ გრინის ანგარიში დროებით დაბლოკა. აშშ-ის კონგრესმენი კორონავირუსსა და ვაქცინებზე დეზინფორმაციას ავრცელებდა. ამის შესახებ CNN-ს პლატფორმის წარმომადგენელმა განუცხადა.

გრინი შეტყობინებების გამოქვეყნებას 12 საათის განმავლობაში ვერ შეძლებს.

Twitter-ის წარმომადგენლის თქმით, კონგრესმენის ბოლო ორი შეტყობინება მონიშნული იყო, როგორც “შეცდომაში შემყვანი”. მან აღნიშნა, რომ თუ პოლიტიკოსი დეზინფორმაციის გამოქვეყნებას განაგრძობს, მისი ანგარიში, შესაძლოა, სამუდამოდ დაიბლოკოს.

მარჯორი ტეილორ გრინი ცნობილია, როგორც შეთქმულების თეორიის იდეის აქტიური მიმდევარი. კერძოდ, მას სჯერა, რომ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბებული იყო, აშშ_ის ყოფილი ლიდერი კი დემოკრატი-სატანისტების საიდუმლო ორგანიზაციას ებრძოდა, რომელიც ბავშვებით ვაჭრობს. ამასთან, კონგრესმენი დარწმუნებულია, რომ 2018 წლის კალიფორნიის მასშტაბური ტყის ხანძრები კოსმოსიდან გამოშვებული ლაზერით იყო გამოწვეული, რომელსაც “ძლევამოსილი ებრაული ბანკირების ოჯახი” აკონტროლებს.