ტუნისის სანაპიროსთან 23 აფრიკელი მიგრანტი დაიღუპა

ივნისი 2, 11:12
0
89

ტუნისის წითელი ნახევარმთვარის ჰუმანიტარული ორგანიზაციის ინფორმაციით, ტუნისის სანაპიროსთან ნავის გადაბრუნების შედეგად, სულ მცირე, 23 მიგრანტი დაიხრჩო; მიგრანტები ხმელთაშუაზღვისპირეთის გავლით ლიბიიდან იტალიაში გადასვლას ცდილობდნენ.

”ტუნისის საზღვაო ფლოტმა 70 მიგრანტი გადაარჩინა, 23 ადამიანი ნავში დაიხრჩო, რომელშიც 90-ზე მეტი მიგრანტი იმყოფებოდა; ისინი ლიბიიდან ევროპისკენ მიდიოდნენ,” – განუცხადა ”Reuters” ტუნისის წითელი ნახევარმთვარის წარმომადგენელმა. საზღვაო ძალებმა, ასევე ტუნისის საპორტო ქალაქ სფაქსის სანაპიროსთან ჩაძირულ ნავში მყოფი 39 მიგრანტი გადაარჩინეს.

უკანასკნელი კვირების განმავლობაში ტუნისის სანაპიროსთან მსგავსი ინციდენტების შედეგად, 120-ზე მეტი მიგრანტი დაიღუპა; ამინდის გაუმჯობესებამ ტუნისიდან და ლიბიიდან იტალიაში, ზოგადად კი, ევროპაში მოგზაურთა რიცხვი გაზარდა.