თქვენ ხომ არ გრძნობთ თავს უხერხულად თქვენი გარდაცვლილი კოლეგის სახელით რომ სპეკულირებთ?!- ნათია თურნავა ჟურნალისტებს

ივლისი 20, 12:51
0
38

„შეიძლება დესტრუქციულ ძალებს ძალიან სურთ, რომ გადადგეს მთავრობა, გადადგეს პრემიერ-მინისტრი, მაგრამ ვერ ეღირსებიან“. – ასე უპასუხა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტების კითხვას, რომელიც მთავრობის მიერ 5-6 ივლისის მოვლენების გამო პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებას ეხებოდა.

მისივე თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი არ განიხილება.

„ჩვენ პასუხისმგებლიანი ხელისუფლება ვართ. ჩვენი პასუხისმგებლობა გამოიხატება იმაში, რომ შესაბამისი ორგანოები, შინაგან საქმეთა სამინისტრო, ძალიან ინტერნსიურად ახორციელებს საგამოძიებო მოქმედებებს. საზოგადება ამას ხედავს და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ყველა, ვინც მონაწილეობდა აგრესიაში, არამართლზომიერ ქმედებაში, დაისაჯოს სათანადოდ, ეს არის ყველაზე მაღალი პასუხისმგებლობა.

მე ვიცი, რომ დესტრუქციულ პოლიტიკურ ძალებს, სურს, რომ ამ სცენარით განვითარდეს ვითარება, გადადგეს მთავრობა, იყოს ქაოსი, იყოს არეულობა, იყოს დესტრუქცია, ჩვენ ამას არ დავუშვებთ.

ჩვენ პასუხს ვაგებთ, რომ იყოს წესრიგი და განვითარება. ძალიან სამწუხარო ფაქტი იყო, ჩვენ დავგმეთ ძალადობა.“- განაცხადა ნათია თურნავამ.
„შეიძლება დესტრუქციულ ძალებს ძალიან სურთ, რომ გადადგეს მთავრობა, გადადგეს პრემიერ-მინისტრი, მაგრამ ვერ ეღირსებიან. ჩვენ პასუხს ვაგებთ, რომ იყოს სტაბილურობა, წესრიგი, განვითარება.
ამ პანდემიურ ვითარებაში ეკონომიკა, რომელმაც, როგორც იქნა, სული მოითქვა და აღდგენა და გაჯანსაღება ხდება, ეს პოზიტიური ტენდენციები განვითარდეს.
რაც შეეხება კითხვას, გრძნობს თუ არ ვინმე მომხდარის გამო თავს უხერხულად, თქვენ ხომ არ გრძნობთ თავს უხერხულად თქვენი გარდაცვლილი კოლეგის სახელით რომ სპეკულირებთ?!,“- მიმართა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს.