ტყუილია, თითქოს, ფინანსური დავალიანების გამო 73 ათას სტუდენტს სტატუსი შეუჩერდა – შალვა პაპუაშვილი

ივნისი 10, 19:14
0
60

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე ტყუილს უწოდებს ლევან ხაბეიშვილის განცხადებას იმის შესახებ, თითქოს ფინანსური დავალიანების გამო 73 ათას სტუდენტს სტატუსი შეუჩერდა. ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„იმედია, ეს უნებლიე შეცდომა იყო და ზოგადი ციფრი ჰქონდა აღებული ლევან ხაბეიშვილს, რომელიც არ იცნობს საკითხს. ფინანსური დავალიანების გამო, სტატუსშეჩერებული სტუდენტები ნამდვილად გვყავს – 20 ათასი და არა – 73 ათასი. პანდემიის პერიოდში 4,500 სტუდენტს აქვს შეჩერებული სტატუსი“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, შეიძლებოდა ოპოზიციას ეს დრო გამოეყენებინა იმ საკითხების განსახილველად, რომელიც თითქოსდა აინტერესებდათ, თუმცა, კონკრეტული კანონპროექტების განხილვის დროს ისინი სხდომათა დარბაზში აღარ იმყოფებოდნენ.

„დღეს განვიხილავთ კანონპროექტს, მაგრამ ჩვენმა ოპოზიციონერმა კოლეგებმა ეს დრო გამოიყენეს იმისთვის, რომ ესაუბრათ საკითხებზე, რომელიც თითქოსდა მათ აინტერესებთ, მაგრამ სინამდვილეში ჩვენ გუშინ ამ დროს, დღის მეორე ნახევარში ვიხილეთ, რომ როდესაც კონკრეტული კანონპროექტები განიხილებოდა, ეს დარბაზი ცარიელი იყო ისევე, როგორც ახლა დაცარიელდა, მას შემდეგ რაც მეგაფონებიდან შემოგვძახეს რაღაც სიტყვები და პასუხებს არ ისმენენ,“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ინფორმაციისთვის, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოს მთავრობამ 2020-2021 წლის პანდემიის პერიოდში, საშემოდგომო სემესტრის დროს, თხუთმეტი ათას სტუდენტს სწავლის საფასური დაუფინანსა.