თავდასხმა ჟურნალისტური საქმიანობის გამო იყო – უკმაყოფილებას ჩემი საქმიანობის გამო გამოთქვამდნენ -ვახო სანაია

ივნისი 2, 12:20
0
265

ეს თავდასხმა თავიდან ბოლომდე პროფესიული ნიშნით იყო, მე ამ ადამიანებთან ცხოვრებაში შეხება არ მქონია, – ამის შესახებ ჟურნალისტმა ვახო სანაიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესის დაწყებამდე განაცხადა.

დღეს სასამართლო პროცესზე სამი ადამიანი დაიკითხება.

„გუშინ იყო ჩემი დაკითხვა. ყველა შეკითხვას ვუპასუხე. დღეს პროცესზე ჩემი ცოლი, ოჯახის ადვოკატი და ასევე ჩვენი ოჯახის წევრი, რძალი დაიკითხება. სამივე იმ ღამეს ადგილზე იმყოფებოდა და რაც დაინახეს ამას აღწერენ, დეტალურად უპასუხებენ ყველა შეკითხვას. ეს თავდასხმა თავიდან ბოლომდე პროფესიული ნიშნით იყო იმის გამო, რომ მე ვარ ჟურნალისტი, მე ამ ადამიანებთან ცხოვრებაში შეხება არ მქონია. იმ სიტყვებიდან გამომდინარე რასაც ისინი ამბობდნენ, როდესაც საუბარი იყო ტელევიზიებზე, ჟურნალისტებზე, ჩემზე კონკრეტულად, ისინი უკმაყოფილებას ჩემი საქმიანობის გამო გამოთქვამდნენ. ეს ყველაფერი ადასტურებს, რომ თავდასხმა ჟურნალისტური საქმიანობის გამო იყო”, – განაცხადა სანაიამ.

ცნობისთვის, ჟურნალისტ ვახო სანაიას 25 თებერვალს თავს დაესხნენ. თავდასხმის ფაქტზე დაკავებულ სამ პირს – სულიკო საყევარაშვილს, გიორგი სახელაშვილსა და ვაჟა გიგაურს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ისინი სამართალდამცავებმა ვახო სანაიას მიმართ, მისი პროფესიული საქმიანობის გამო განხორციელებული დევნისა და დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მუქარის ფაქტზე დააკავეს.