„თამამად შეიძლება ითქვას, რომ ვაქცინას არანაირი გავლენა არ აქვს მამაკაცის გამრავლების ფუნქციაზე” – ზაალ კოკაია

ივლისი 21, 17:02
0
69

შვედეთში მოღვაწე ქართველი მეცნიერი, ლუნდის უნივერსიტეტის პროფესორი, ფილოსოფიის (PhD) და ბიოლოგიურ მეცნიერებათა (DSc) დოქტორი, ლუნდის ღეროვანი უჯრედების ცენტრის დირექტორი ზაალ კოკაია, სოციალურ ქსელში კოვიდ აცრების თაობაზე წერს.

„ ვაქცინა არ აქვეითებს მამაკაცის რეპროდუქციულ ფუნქციას! როგორც ვიცი, საქართველოს მოსახლეობის ნაწილი თავს იკავებს ვაქცინაციისგან ანტივაქსერების მიერ მოგონილი კიდევ ერთი ლეგენდის გამო, რომლის თანახმადაც რნმ ვაქცინით (ფაიზერი და მოდერნა) აცრა აქვეითებს მამაკაცის რეპროდუქციულ ფუნქციას. სავარაუდოდ, ეს მითი ეფუძნება იმ ფაქტს, რომ თავად კოვიდ ინფექციამ, შესაძლოა გავლენა იქონიოს მამაკაცის სასქესო უჯრედებზე. ახლახან, მაღალრეიტინგულ სამედიცინო ჟურნალში გამოქვეყნებულმა კვლევამ თვალნათლივ აჩვენა, რომ მეორე აცრიდან 70 დღის შემდეგ მამაკაცებში სპერმატოზოიდების ანუ სასქესო უჯრედების რაოდენობა და მათი მოძრაობის უნარი არათუ დაქვეითებული, მცირედით მომატებულიც კი იყო. იმის გათვალისწინებით, რომ ახალი სპერმატოზოიდების განახლების ციკლი უფრო ხანმოკლეა, ვიდრე 70 დღე და თავად ვაქცინაციით წარმოქმნილი სპაიკ პროტეინები ძირითადად მოქმედებს ინექციის მიდამოში (მკლავში) და სისხლში ცირკულირებს მხოლოდ რამდენიმე დღე და თანაც ძალიან დაბალი კონცენტრაციით, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ვაქცინას არანაირი გავლენა არ აქვს მამაკაცის გამრავლების ფუნქციაზე. დასკვნა: ვაქცინა არ ახდენს გავლენას მამაკაცის რეპროდუქციულ ფუნქციაზე. პირიქით, აცრა გიცავთ კოვიდ ინფექციისგან, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს ამ ფუნქციის დაქვეითება“ – წერს კოკაია.