სწორედ ეს აცოფებთ ნეკროფილ რევოლუციონერებს, არც ის უნდა გაგვიკვირდეს, რომ მალე ქვების სროლაც დაიწყონ – ნანა კაკაბაძე

ივლისი 20, 22:20
0
942

უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ეხება:

“გვამები, გვამები, გვამები ჩქარა! – ალბათ ყველას გვახსოვს ნაციონალური მოძრაობის ტრენდად ქცეული ვანო მერაბიშვილის მოთხოვნა – „ორი გვამი მინდა!“ ამ პარტიის გვამებთან დამოკიდებულებამ ერთგვარი საკრალური სახე მიიღო. “– გთავაზობთ ნანა კაკაბაძის წერილს, რომელსაც ის სოციალურ ქსელში აქვეყნებს:

“მათი ხელისუფლებაში მოსვლიდან მალევე გამოიკვეთა ხალხის დაშინებისა და დამორჩილებისათვის კონკრეტულ სამიზნე ჯგუფს მიკუთვნებული ადამიანების დახოცვის ტენდენცია. როგორც ჩანს, ნაცების ბელადები და იდეოლოგები თვლიან, რომ ასეთმა პოლიტიკამ გაამართლა, ხალხის დიდ ნაწილში ამან შიში, ხოლო შიშმა სიყვარული დათესა და ალბათ სწორედ ამ პოლიტიკის დამსახურებად მიაჩნიათ ის ფაქტი, რომ არჩევნების მონაწილეთა ერთი მეოთხედი დღესაც ისევ ამ პარტიას აძლევს ხმას.

ნაცმოძრაობის მამებს როგორც ჩანს, კარგად აქვთ შესწავლილი ასეთი პოლიტიკით მასებზე ფსიქოლოგიური ზემოქმედების შედეგები და ისიც, რომ გვამების სიმრავლით მსოფლიო ლიდერების სტალინისა და ჰიტლერის მოყვარულები და მიმდევრები ლამის ერთი საუკუნის შემდეგაც კი მრავლად მოიპოვებიან მსოფლიოში (იქნებ არც ისაა შემთხვევითი, რომ მიხეილ სააკაშვილი და ნიკა მელია სწორედ სტალინის დაბადების დღეს, 21 დეკემბერს არიან დაბადებულნი, ხოლო გიგა ბოკერია – ჰიტლერის დაბადების დღეს, 20 აპრილს).

იქნებ ამიტომაც ყოველ ჯერზე, როდესაც ამის შესაძლებლობა ეძლევათ, ამ პარ-ტიის წარმომადგენლები ან თვითონ ხოცავენ ადამიანებს და მერე მაქსიმალურ იდეოლოგიურ გამორჩენის ცდილობენ გარდაცვლილებიდან, ან სრულიად შემთხვევით გარდაცვლილი ადამიანების ისტორიებში ეძებენ ასეთი გამორჩენის გზებს და დაჟინებით ცდილობენ ცხედრების არსებობის ფაქტორი გამოიყენონ პოლიტიკურ ბრძოლაში თავის სასარგებლოდ.

გავიხსენოთ არცთუ შორეული ისტორია: აფრასიძეების ოჯახის ამოწყვეტის პომპეზურად ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ სიამაყით უყვებოდნენ ხალხს, როგორ წარმატებულად დახოცეს ყაჩაღები და როგორ ამოასუნთქეს ხალხის მხსნელმა რაინდებმა სვანეთის მოსახლეობა. ასეთივე სიამაყით აჩვენეს საზოგადოებას პანკისის ხეობაში ქისტი ბიჭების სახლში გამობუგვის ამბავი. აქ აღარ ჩამოვთვლით იმ ცნობილი თუ ნაკლებად ცნობილი ასეულობით მსხვერპლი ახალგაზრდების გვარებს, რომლებიც ნაცრეჟიმის მმართველობის დროს მსხვერპლად არა ობიექტურ აუცილებლობას, არამედ შიშისა და მორჩილების მიღწევის პოლიტიკას შეეწირა.

მათ შორის აბსოლუტური უმრავლესობის სიკვდილი სწორედ საჩვენებლად იყო გამიზნული, იმის საჩვენებლად, რომ ვერც კრიმინალური და ვერც სხვა ძალა ვერ შეძლებდა წინააღმდეგობის გაწევას ძლევამოსილი ნაციონალური ხელისუფლებისთვის, რადგან ხელისუფლების ყველა მოწინააღმდეგე უნდა გამოცხადებულიყო ან კრიმინალად, ან რუსეთის აგენტად.

ხელისუფლებიდან ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ ნაცმოძრაობის მხრიდან პოლიტიკურ ბრძოლაში გვამების გამოყენების ჩვევებმა და ნეკროფილურმა მისწრაფებებმა ახალი სახე და მიმართულება მიიღო. რადგან უკვე თავად აღარ შეეძლოთ სახელისუფლო ბერკეტის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობისკენ გატარებული ოპერაციების წარმოება, ნაცმოძრაობა ყველა მეტნაკლებად გახმაურებულ შემთხვევაში შეეცადა მაქსიმალური პოლიტიკური ქულები ჩაეწერა საკუთარ აქტივში იმ შემთხვევებში, როდესაც სახეზე იყო ადამიანის გარდაცვალება. დავით სარალიძე, გიორგი შაქარაშვილი, თამარ ბაჩალიაშვილი, იზა კერძაია, ალექსანდრე ლაშქარავა… კიდევ სხვებიც არიან, მაგრამ აქ მხოლოდ მათზე შევჩერდებით.

ამ ადამიანების თავს დატეხილი ტრაგედიები ყველა ბრუნვაში აბრუნეს ნაცებმა და მათმა ანასხლეტებმა მათივე პარტიული ტელევიზიების საშუალებით. ვითომ გარდაცვლილებზე ზრუნვით გულდამწვარები და სიმართლის პოვნით დაინტერესებულები გარდაცვლილთა ოჯახების წევრებს მანამ ევლებოდნენ თავზე, სანამ ისინი თავს აყენებინებდნენ პოლიტიკურ თამაშებში, მაგრამ როგორც კი მათი რომელიმე სიტყვა ან ქმედება ხელს უშლიდათ პოლიტიკური ქულების დაწერაში, მაშინვე იცვლიდნენ პოზიციებს და ლამის საკუთარი მიცვალებულების მტრებად აცხადებდნენ. ასე მოხდა დავით სარალიძის მამის შემთხვევაში, შაქარაშვილის დედის მიმართ კი თავიდანვე აგრესიულად განეწყვნენ და შვილმკვდარ დედაზე მეტ ჭირისუფლად საკუთარი პარტიების თუ ტელევიზიების წარმოჩენას ცდილობდნენ. ბაჩალიაშვილის მშობლები მანამ გამოიყენეს, სანამ სრულ აბსურდში არ გადავარდნენ და საცოდავი გოგოს პირადული ცხოვრება ქვეყნის გასარჩევი არ გახადეს.

იზა კერძაიას სამსახურიდან გათავისუფლებიდან ერთი თვის შემდეგ გარდაცვალება აუცილებლად ამ გათავისუფლებას და მაინცდამაინც პოლიტიკურ კონტექსტს დაუკავშირეს, ახლა კი ტვ-1-ის ოპერატორის ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზად 5 დღით ადრე მოძალადეთა მხრიდან მისი სხეულის დაზიანებები გამოაცხადეს და მიუხედავად იმისა, რომ თვითონ მათ მიერ დაქირავებული ექსპერტი ამბობს, შეუძლებელია ლაშქარავას სიკვდილის მიზეზი მისთვის 5 დღით ადრე მიყენებული ტრავმა იყოსო, მაინც გაიძახიან, ოპერატორი ხელისუფლებამ მოკლაო.

ისიც კარგად გვახსოვს, 2019 წლის 20 ივნისს როგორ სისხლმოწყურებული კბილების ღრჭიალით ელოდნენ, არიქა, იქნებ ვინმე გარდაიცვალოსო და როდესაც ოცნება არ აუსრულდათ, მერე თვალების დათხრაზე დაიწყეს კამპანიის აგორება, გინდა თუ არა, 19 წლის გოგოს სპეციალური დამიზნებით თვალი გამოთხარეს და ამიტომ ხელისუფლება უნდა გადადგესო. როდესაც მაკო გომურმა ბოლომდე არ ითამაშა მათი თამაში, ისიც დაივიწყეს.

ისიც კარგად გვახსოვს, ფარულ სატელეფონო ჩანაწერებში როგორ ურჩევს სააკაშვილი თანამებრძოლს, ტემპერატურის ასაწევად კარგი იქნება აქციაზე ვინმეს სიკვდილი, ხოლო უკეთესი იქნება, თუ მსხვერპლი ორსული ქალი იქნებაო. არც ის მოარული ხმები უნდა იყოს მთლად უსაფუძვლო, როდესაც ამბობენ, რევოლუციური მუხტის ასაწევად ჟურნალისტ გიორგი გაბუნიაზე თავდასხმა და მისი მოკვლაც კი იგეგმებოდაო.

შორს რომ არ წავიდეთ, სულ ბოლო დღეებში ოპერატოროს გარდაცვალებასთან დაკავშირებით სალომე სამადაშვილის, ნიკა მელიასა და სხვების განცხადებებიც კმარა, რომლებიც აცხადებდნენ, ეს ბოლო შანსია და თუ არ გამოვიყენეთ, მერე ვერაფერს მივაღწევთო. მათი მხრიდან ბრძოლის წინა ხაზზე გამოყვანილ იქნენ ჟურნალისტებად წოდებული ნაცმოძრაობის დანაყოფები (ელიტარული, მაღალანაზღაურებადი ბრიგადები), რომლებმაც პარლამენტის სხდომა ჩაშალეს და როდესაც ჰკითხეს, ხომ გინდოდათ პასუხების მიღება შსს-ს მინისტრისგან, რატომ არ მოუსმინეთო, ამაყად განაცხადეს, ჩვენ მაგისგან მხოლოდ გადადგომის შესახებ განცხადების მოსმენა გვინდაო. და ეს ყველაფერი იმიტომ გააკეთეს, რომ მაგალითად, დათო ბაქრაძეს გაეჟღერებინა ოპოზიციის პოზიცია: „იმდენად არის ხელისუფლება დემორალიზებული და მორალურად ჩამოშლილი, რომ არ შეუძლიათ ჟურნალისტების აბსოლუტურად მშვიდობიანი, ბანერით გამოხატული პროტესტის ატანაც კი, რაც ნიშნავს, რომ ხელისუფლებას მართვის რესურსი აღარ აქვს“-ო. სინამდვილეში, როდესაც წინა დღეს მთელი ნაცმოძრაობის ტელევიზიების ერთობლივი ერთკვირიანი ტვინების გამორეცხვის შემდეგ 1000 კაციც ვერ შეკრიბეს და ამით ძალის ჩვენების ნაცვლად უძალობა აჩვენეს, ამის გადაფარვა მეორე დღეს პარლამენტში ატეხილი ალიაქოთით სცადეს და თავისი თავი დააჯერეს, რომ ამჯერად ძალის დემონსტრაცია გამოუვიდათ. ფაქტების წინააღმდეგ როდესაც უსუსურნი არიან, ამბობენ, ფაქტები არ გვაინტერესებს, რადგან თუ ისინი ჩვენს წინააღმდეგ არიან, მით უარესი ფაქტებითვისო.

სინამდვილეში საზოგადოება ყველაფერს კარგად ხედავს და ეს აცოფებთ გვამების მოყვარულ რევოლუციონერებს. ეს საზოგადოება არასდროს გაყვება რევოლუციონერ ნეკროფილებს, რომლებიც ყოველი ცხედრის გამოჩენაზე სვავებით ესევიან გარდაცვლილს, ათას ჭორს იგონებენ და ცდილობენ მათ სისხლზე ააგორონ და სისრულეში მოიყვანონ რევოლუციური სცენარი.

როდესაც მორიგ ჯერზე ჩაუვარდებათ ხოლმე კოვზი ნაცარში, რევოლუციური აღტყინებით ახალ მსხვერპლს ელოდებიან და სასოწარკვეთილები გულში იძახიან: „გვამები, გვამები, გვამები ჩქარა!“

ჯერჯერობით არ არსებობს დღევანდელი ხელისუფლების პირდაპირი მსხვერპლი, ირიბი მსხვერპლების ხელისუფლებაზე მიკერების ყველა მცდელობა კი მარცხით დასრულდა. სწორედ ეს აცოფებთ ნეკროფილ რევოლუციონერებს, სწორედ ამას გადაყავთ ჭკუიდან და არც ის უნდა გაგვიკვირდეს, რომ მალე ქვების სროლაც დაიწყონ. მრავლისმნახველი ქართული საზოგადოება კი ალბათ ამასაც სტოიკური სიმშვიდით შეხვდება.”- წერს ნანა კაკაბაძე.