სუს-მა დასავლეთის რეგიონალური სამმართველოს პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების ჯგუფის უფროსი დააკავა

ივნისი 11, 11:46
0
113

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსდ „გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის“ დასავლეთის რეგიონალური სამმართველოს პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების ჯგუფის უფროსი დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

„გამოძიებით დადგენილია, რომ „გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის“ დასავლეთის რეგიონალური სამმართველოს პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების ჯგუფის უფროსი, სისტემატურად უწევდა მფარველობას ხე-ტყის უკანონოდ მოპოვებაში ჩართულ პირებს, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით უზრუნველყოფდა უსაბუთო ხის მასალის შეუფერხებლად გადაადგილებას და სანაცვლოდ თითოეულ ტრანსპორტირებაში ქრთამის სახით იღებდა 300 ლარს“ – ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.