სურსათის ფასმა 10-წლიანი ანტირეკორდი დაამყარა

ივნისი 6, 17:27
0
87

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მონაცემებით, სურსათის გლობალური ფასები ათწლეულის განმავლობაში უსწრაფესი ტემპით გაიზარდა. გაერო გლობალური კვების ხარჯების ფართო ინდექსს იყენებს, რომლის მიხედვით, ბოლო 12 თვის განმავლობაში სურსათზე ფასი უწყვეტად იზრდება. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

კოვიდ პანდემიის პერიოდში წარმოების, შრომის და ტრანსპორტირების შეფერხებებმა პროდუქტებზე ფასების ზრდა გამოიწვია. ბუნებრივია, ინფლაციის ფონზე მოსახლეობის შეშფოთებაც იზრდება და ქვეყნების მთავრობები ახლა იმაზე მსჯელობენ, თუ როგორ აისახება მომატებული სასურსათო ფასები მსოფლიოში ეკონომიკის აღდგენაზე.

გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის სურსათის ფასების ინდექსი ითვალისწინებს მსოფლიოში თითქმის ყველა პროდუქტზე არსებულ ფასებს და მათ ფასნამატს, განსაკუთრებით კი ბურღულეულზე, ცხიმის კატეგორიაზე, რძის პროდუქტებზე, ხორცსა და შაქარზე. სწორედ ამ ინდექსის მიხედვით, მაისში, აპრილთან შედარებით, სურსათზე ფასებმა 4.8%-ით მოიმატა, რაც 2010 წლის ოქტომბრის შემდეგ, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. უფრო მეტიც – მთლიანობაში სურსათზე ფასი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 39.7%-ითაა გაზრდილი.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ გაზრდილი ხარჯების მთავარი მიზეზი ზოგიერთ ქვეყანაში სურსათზე გაზრდილი მოთხოვნის და დაბალი წარმოების, ანუ უკმარისობის შედეგია. ამასთან, პანდემიით გამოწვეული გადაადგილების შეზღუდვამ პროდუქციის მიწოდების პრობლემა და შესაბამისად, რიგ პროდუქტებზე ლოკალური დეფიციტი გამოიწვია. ანალიტიკოსები პანდემიის შუა პერიოდში პროგნოზირებდნენ, რომ ლოქდაუნის დასრულების შემდეგ, პროდუქტებზე მაღალი მოთხოვნა და მათი დაბალი წარმოება ინფლაციის ზრდას გამოიწვევდა.

ყურადღების მიღმა არც ის უნდა დარჩეს, რომ რამდენიმე დღის წინ ბრიტანეთის საცალო კონსორციუმმა დიდი ბრიტანეთის მოსახლეობა გააფრთხილა, რომ შემოდგომაზე ისინი შესაძლოა, მომატებული სავაჭრო გადასახადების წინაშე აღმოჩნდნენ, რადგან ხარჯები კვლავ ზრდადია.

თუმცა, ამის მიუხედავად, არსებობს ისეთი ინდუსტრიები, სადაც აღდგენის საკმაოდ კარგ მაჩვენებლებს ელიან. FAO–ს პროგნოზით, წელს მარცვლეულის წარმოებამ გლობალურად იმატა, რაც ფასების ზრდის ზეწოლის შემცირებას შეუწყობს ხელს და მოსახლეობის კეთილდღეობაზეც აისახება.