„სულაც რომ ყირაზე დადგეს ლირა-დოლარი, ლარს ძვრასაც ვერ უზამს“ – რომან გოცირიძე

ივლისი 20, 14:44
0
350

საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ საქართველოში არსებული ეროვნული ვალუტის კურსი პოლიტიკურად მართულია.

„ორიოდე სიტყვით ლარის პოლიტიკურად მართულ კურსზე.

ეროვნულმა ბანკმა შარშან აპრილის თვიდან დაიწყო მცირეოდენი ინტერვენციების განხორციელება მოკლევადიანი მკვეთრი რყევების თავიდან ასაცილებლად. ეს სწორი გადაწყვეტილება იყო. ცუდი ისაა, რომ ეს ინფორმაცია დახურულია, იმავე დღეს არ ქვეყნდება, როგორც ჩვეულებრივი ინტერვენციების დროს ხდება და მხოლოდ თვე-ნახევრის შემდეგ დაიდება ეროვნული ბანკის ვებგვერდზე წინა თვის დაჯამებული შედეგების სახით.

ამ მცირე ინტერვენციების დაწყებიდან დღემდე ეროვნულმა ბანკმა სულ გაყიდა 37 მილიონი დოლარი, აქედან უდიდესი ნაწილი, 25 მილიონი დოლარი გასული წლის სექტემბერში. ოქტომბერშიც 5 მილიონი წაამატა, ანუ ორ თვეში გაყიდა 30 მილიონი დოლარი. დანარჩენი ცოტ-ცოტა სხვა თვეებში დღემდე.

თუ მიხვდებით რატომ? გაიხსენეთ რა იყო შარშან სექტემბერ-ოქტომბერში? სწორად გაიხსენეთ – წინასაარჩევნო და არჩევნების თვე, ანუ ეროვნული ბანკი ეხმარებოდა „ქართულ ოცნებას“ ლარის დაჭერაში. ზუსტად ასევე იყო 2016 წელს, ოღონდ მაშინ ეს მსხვილი ინტერვენციებით ხდებოდა. მორჩებოდა არჩევნები და ლარიც აიწყვეტდა.

რას უნდა ველოდოთ წელს? სულაც რომ ყირაზე დადგეს ლირა-დოლარი, ლარს ძვრასაც ვერ უზამს. ბოლო რეზერვებს გაყიდიან, მაგრამ ამომრჩეველს გუნება-განწყობას არ გაუფუჭებენ.

მერე? მერე როგორც ყოველთვის“, – წერს რომან გოცირიძე.