სიცრუეა ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ექსპლუატაციაში მიღების თაობაზე ახალი რეგულაციების მიხედვით დეველოპერებს აეკრძალებათ ბინების გაყიდვა – მაია ბითაძე

ივნისი 23, 21:23
0
101

„სიცრუეა ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ექსპლუატაციაში მიღების თაობაზე ახალი რეგულაციების მიხედვით დეველოპერებს აეკრძალებათ ბინების გაყიდვა“, – განაცხადა პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ.

მისი თქმით, აღნიშნულ კანონპროექტს არანაირი კავშირი არა აქვს ბინების გაყიდვის პროცესთან.

„პირიქით, საკანონმდებლო პაკეტის მიზანია ასი ათასობით თბილისელის პრობლემა მოაგვაროს და ერთჯერადი ჰუმანური აქტით ექსპლუატაციაში მიღებული იქნეს ის შენობები რომელიც ამ სამშენებლო პირობების დარღვევიდან გამომდინარე დაახლოებით ოცი წლის განმავლობაში ექსპლუატაციაში არ არის მიღებული და ამით იზღუდება მოქალაქეთა უფლებები. ამასთან საკანონმდებლო პაკეტით მკაცრდება ექსპლუატაციაში მიუღებელ და მშენებარე შენობებში დენისა და გაზის მიწოდების საკითხები. გახსოვთ თბილისში დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ექსპლუატაციაში არ იყო შენობა მიღებული და ამის გამო მოხდა აფეთქება და ფატალური შემთხვევით დასრულდა. შესაბამისად, აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტის მიღება ერთხელ და სამუდამოდ გადაჭრის ამ საკითხს და მოსახლეობა იცხოვრებს მხოლოდ ისეთი სახლებში, რომლებიც ექსპლუატაციაშია მიღებული. კიდევ ერთხელ, აღნიშნულ კანონპროექტს არანაირი კავშირი არა აქვს ბინების გაყიდვის პროცესთან”, – განაცხადა მაია ბითაძემ.