შსს-მ ყოფილი ცოლისა და სიმამრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულის ოჯახზე თავდასხმის ბრალდებით ორი პირი დააკავა

ივლისი 21, 13:26
0
89

პოლიციამ მარნეულში ყოფილი ცოლისა და სიმამრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულის ოჯახზე თავდასხმის ბრალდებით ორი პირი დააკავა. ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, 1970 წელს დაბადებულ ტ.პ.-ს ბრალი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში ედება, ხოლო 1994 წელს დაბადებული ი.პ. სამართალდამცველებმა სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ მას შემდეგ, რაც ამ დროისთვის ბრალდებულის სახით დაკავებულმა, 1992 წელს დაბადებულმა ე.ა.-მ მარნეულის მუნიციპალიტეტში 2 პირი მოკლა და 2 პირის მკვლელობას შეეცადა, მოკლულთა ახლობლები – ტ.პ. და ი.პ. ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში მივიდნენ. ტ.პ.-მ ნიჩბის გამოყენებით ე.ა.-ს მამას სხეულზე დაზიანებები მიაყენა, ხოლო ი.პ.-მ მისი ოჯახის კუთვნილი ორი ავტომობილი დააზიანა“, – ნათქვამია განცხადებაში.

ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 117-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს.

შსს-ს ინფორმაციით, მარნეულში კაცმა ყოფილი ცოლი და სიმამრი მოკლა. არიან დაჭრილებიც.