შევიყვანთ პანსიონში, ოღონდ უნდა შევთანხმდეთ, რა კითხვებს დასვამს – მეუფე ნიკოლოზი ლომჯარიაზე

ივნისი 3, 17:27
0
217

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი ამბობს, რომ გარკვეულ წესებზე წინასწარი შეთანხმების შემთხვევაში, სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში შეუშვებენ.

როგორც მეუფემ გადაცემა “კომენტარში” განაცხადა, დაწესებულებაში შესვლამდე ომბუდსმენმა მათ უნდა შეუთანხმოს, როგორ მოხდება ბენეფიციარების მდგომარეობის შესწავლა და რა კითხვებს დაუსვამენ მათ.

“ომბუდსმენი და ომბუდსმენის აპარატი ორი განსხვავებული რამ არის. რაც შეეხება თვითონ ომბუდსმენს, ჩამობრძანდეს, შევხვდეთ წინასწარ, შევთანხმდეთ რაღაც წესებზე და შემდეგ შევიდეთ ერთად. ჯერ შევიდეთ ისე, კამერების გარეშე, მერე გამობრძანდეს ომბუდსმენი, თვითონ მოითხოვოს ეს კამერები და შევიდეთ კამერებთან ერთად. ეს არის შემოთავაზება. აუცილებლად შევიყვანთ შიგნით, ოღონდ წინასწარი შეთანხმების საფუძველზე. წინასწარ უნდა გავიაროთ ომბუდსმენთან, როგორ მოხდება, რა შეკითხვებს დაუსვამს [ბავშვებს]”, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

კითხვას – რატომ უნდა შეუთანხმოს მათ ომბუდსმენმა, თუ რა კითხვებს დაუსვამს პანსიონის ბენეფიციარებს, მეუფემ ასე უპასუხა: “იმიტომ რომ მის მიმართ არის ეჭვი, რომ ამორალურ შეკითხვებს უსვამს ბავშვებს”.