„შენი სიკვდილი ჩემთვის ყველაზე დიდი უსასრულობა მეგონა” – რას წერს გამწარებული შვილი დედაზე

სექტემბერი 12, 13:16
0
879

ლანჩხუთელი ლევან ჩერქეზია დედაზე, თამილა წილოსანზე ემოციურ წერილს აქვეყნებს:

„ჩემო კუსანა, ჩემს მეხსიერებაში სწორედ ასე დაიწყო შენი აღქმა, ნაზი პაწინა თითებით, რბილი კანით და სულ რომ ჩემესმოდა იმ გულის ცემით გაჩნდი ჩემს არსებაში, როგორც დედა ჩემი, მერე  ყოველთვის უფრო ძვირფასი სათუთი და ახლობელი ხდებოდი, არც ერთი წამი ჩემს ცხოვრებაში არ მინდოდა და არ მინდა უშენოდ… 40 დღე კი არა, არც ერთი  წუთი არ მინდა შენს გარეშე…

დღეს 40 დღე გავიდა და მე უშენოდ ისევ ცოცხალი ვარ, მხოლოდ იმიტომ, რომ შენ არ მინდა გეტკინოს, თორემ ჩემთვის შენი წასვლის შემდეგ დამთავრდა ყველანირი ემოცია და ყველანაირი შეგრძნება.

მე და შენ, როგორც დედა-შვილს ერთი წამით რომ არ გვიცხოვრია, ესეც ხომ მარტო მე და შენ ვიცით და როგორ  მალე მოგვიწევდა ეს განშორება, ესეც ხომ მხოლოდ მე და შენ ვიცოდით.

“დედა მომიკვდეს” – ამას ვერასდროს ვამბობდი, რადგან შენი სიკვდილი ჩემთვის ყველაზე დიდი უსასრულობა მეგონა… მეშინოდა და მზარავდა ეს სიტყვები…

და 40 დღის წინ, მე თვითონ  ავუხდინე ჩემს თავს ეს ფიცი, მე დედა მომიკვდა, მე მეგობარი მომიკვდა, მე შვილი მომიკვდა, მე საუკეთესო მეგობარი მომიკვდა…

არავინ მომატყუოს, რომ ეს გაივლის, ეს არასოდეს გაივლის, ეს ჯოჯოხეთი შემჭამს და  მუდამ ჩემთან ერთად დაიდებს ბინას.

მე და შენ ერთმანეთის იმედით დავდიოდით ცხოვრების ყველა გზაზე, ბევრჯერ გვეტკინა, ბევრჯერ ვიტირეთ, ბევრჯერაც ვიცინეთ, მაგრამ ვერავინ ვერასდროს მიხვდებოდა ამ ყველაფერს…

შენ უკვე ჩემგან ძალიან შორს ხარ… მაგრამ თუ დღეს  ის დღეა, როცა ბინა უნდა დაიდო, ზუსტად ვიცი, ულამაზეს ადგილას ხარ…

ხომ შევხვდებით, დედა, მე და შენ, აუცილებლად ხომ შევხვდებით და ძალიან მაგრად ჩაგეხუტები…

არავინ მოგატყუოთ, რომ დედის გაქრობას თქვენი ცხოვრებიდან, დრო ნაკლებად მტკივნეულს გახდის, ან ამით ცხოვრება მარტივია. პირიქით, მგონი, რაც დრო გადის, უფრო რთულია.

არ ვიცი, ჩემო კუსანა, ჩემო ქალბატონო, უშენოდ არც ვიცი, რა იქნება, მაგრამ…

დეე, იცი რამდენს საუბრობენ ჩვენზე?! ზოგი კარგს, ზოგიც მამტყუნებს რაღაცებში, მაგრამ მე და შენ ზუსტად ვიცით ერთმანეთი და სხვა ყველა დანარჩენი დანარჩენია…

მე უშენოდ ისეთი ცარიელი და გამოფიტული ვარ, რომ ახლა ყველაფერი სულ ერთია.

დღეს მეორმოცე დღე გათენდება უშენოდ  და მე დღეიდან შენზე წარსულში აღარსდროს ვილაპარაკებ და საერთოდ შენს არყოფნას არ ვიგრძნობ…

ჩემო კუსანა, ძალიან გთხოვ, სადაც ხარ, იქიდან გადამომხედე და გამაძლიერე, ძალა მომეცი, რომ დავდგე ფეხზე და არ შევწყვიტო არსებობისთვის ბრძოლა.

რადგან მართალი შეგხვდე, რადგან არ შემრცხვეს, ჩემო სიცოცხლე!

დღეს ბოლოჯერ ვწერ ასე მძიმედ შენზე, რადგან მეც  აღარ შემიძლია, უკვე გამოვიფიტე და ვიცი, ჩემი ასეთი ნახვა შენთვის უმძიმესია…

უსაშველოდ მენატრები, ჩემო მანათობელო ვარსკვლავო!“

Cesko