სახლში, მოლდოვაში ბევრი გვაქვს გასაკეთებელი ანტიკორუფციული, სასამართლო სისტემის რეფორმის, ეკონომიკური ინტეგრაციის მიმართულებით, გვაქვს ევროკავშირის იმედი – მაია სანდუ

ივლისი 19, 16:22
0
43

სახლში, მოლდოვაში ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი ანტიკორუფციული, სასამართლო სისტემის რეფორმის, ეკონომიკური ინტეგრაციის მიმართულებით, გვაქვს ევროკავშირის იმედი, – ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ ბათუმის მე-17 საერთაშორისო კონფერენციაზე „ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, თუ მოლდოვა დემოკრატიული კონსოლიდაციის გზაზე დაბრუნდება და კვლავ გახდება ევროკავშირისთვის სტაბილური, პროგნოზირებადი პარტნიორი, ქვეყანა დიდ წარმატებას მიაღწევს ინტეგრაციის გზაზე.

„ჩემთვის დიდი პატივია, რომ აქ ვიმყოფები და ჩვენი ქვეყნების ევროკავშირის მისწრაფებებზე ვსაუბრობთ. თან ვსაუბრობთ ჩვენს პარტნიორობაზე, რომელიც ერთად შეგვიძლია, შევქმნათ და აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში განვავითაროთ. მინდა, დავუბრუნდე აღმოსავლეთ პარტნიორობის დასაწყისს და შეგახსენოთ, რომ იმ დროს, ჩემი ქვეყანა მოლდოვა მიიჩნეოდა წარმატებულ ქვეყნად აღმოსავლეთ პარტნიორობაში და დიდი იმედები არსებობდა იმისა, რომ ქვეყანაშიც და ევროკავშირის ინსტიტუტებშიც, ასოცირების შეთანხმების საფუძველზე, რომელიც მოლდოვამ გააფორმა, ქვეყანა განვითარდებოდა, ჩამოყალიბდებოდა დემოკრატიული სისტემები მისი მოქალაქეების საკეთილდღეოდ. თუმცაღა, მალევე, იმ საპნის ბუშტმა, რომელიც შეიქმნა ჩვენს ქვეყანაში, საბანკო სისტემებში და მას მოჰყვა სხვა კრიზისები, სამწუხაროდ, ამ ყველაფერმა – ოლიგარქიულმა სისტემამ, კორუფციამ ჩაითრია ქვეყანა და მალევე ჩემი ქვეყნის მოქალაქეები და ბრიუსელი აცნობიერებდნენ, რომ ჩვენ აღარ ვიყავით წარმატებული ქვეყანა. რეფორმები ქაღალდზე დარჩა, დისკუსია დემოკრატიის შესახებ და ანტიკორუფციული ძალისხმევის შესახებ მხოლოდ ლამაზ ანგარიშებში იგზავნებოდა ბრიუსელში. მოლდოვას აკლდა ის საფუძემდებლო საკითხები, რომელიც ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე არის მნიშვნელოვანი. ქვეყანა ჩაეფლო იმ მორევში, რომელიც ჩვენ აღარ გვაძლევდა ევროკავშირთან ასოცირების შესაძლებლობის გამოყენების უფლებას. მოლდოვამ დაკარგა რეპუტაცია, ჩვენ აღარ ვიყავით სანდო პარტნიორი, აღარ მიგვიჩნევდნენ იმ ქვეყნად, რომელიც ნაკისრი ვალდებულების შემსრულებელი იყო“, – განაცხადა მაია სანდუმ.

ამასთან, მოლდოვის პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა ცვლილებებზე, რომელიც ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მოხდა და აღნიშნა, რომ ქვეყანა ახლა მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე იმყოფება.

„ცვლილებები მოხდა ბოლო წლის განმავლობაში, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად და შემდეგ ხალხმა აირჩია კარგი, დემოკრატიული მმართველობა და ძალიან ძლიერი მხარდაჭერა გამოგვიცხადა. ამას ხელს უწყობს ევროკავშირი. რადგან გვაქვს ევროკავშირის ძალიან დიდი მხარდაჭერა ამ დღის წესრიგში, ახალი მთავრობა, ახალი უმრავლესობა პარლამენტში ვალდებულია, სწრაფად განახორციელოს დანაპირები. ჩვენ მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე ვიმყოფებით, რომ ეს გამოწვევები დავძლიოთ. პრიორიტეტის სახით უნდა აღვადგინოთ მოსახლეობის ნდობა ჩვენს სახელმწიფო ინსტიტუტებზე. ხალხს კვლავ უნდა დავაჯეროთ, რომ სახელმწიფო არსებობს და მუშაობს მათთვის, რათა მოვახდინოთ კონსოლიდაცია ძლიერი ინსტიტუტების. დავიწყოთ იქიდან, რაც ყველაზე მეტად აწუხებს ხალხს, სამართლის უზენაესობა, ანტიკორუფციული ძალისხმევა. ჩვენ უნდა გავწმინდოთ სისტემა კორუმპირებული მოსამართლეებისგან, საჯარო მოხელეებისგან და ეს არის სამომავლოდ ჩვენი ძალისხმევა. აქამდე მუშაობდა სქემები კერძო ფინანსური ინტერესების გათვალისწინებით. ეს წარსულს უნდა ჩაბარდეს. ნაკლები უნდა ვისაუბროთ, ვაკეთოთ მეტი. უნდა არსებობდეს სტაბილური უმრავლესობა და ფუნქციონალური მთავრობა, რათა მნიშვნელოვან წინსვლას მივაღწიოთ და დავარწმუნოთ მოლდოველები, რომ მომავალი შეიძლება, შეიქმნას სახლშიც და ევროკავშირშიც.

ბევრი მოლდოველის სახელით ვსაუბრობ და ვიტყვი, რომ ჩვენი სტანდარტები, რომელიც დავამკვიდრეთ ევროპული გზების, სკოლების, რკინიგზის, საავადმყოფოების შექმნით, მასტიმულირებელი ფაქტორების შექმნით, რომელიც კერძო სექტორს წაახალისებს, ღრმად და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცე ჩვენს მოქალაქეებს და მეწარმეებს აძლევს საშუალებას, ევროკავშირის სამომხმარებლო ბაზარზე მოახდინონ თავიანთი პროდუქციის ექსპორტი და ორგანულად, ეტაპობრივად ეს იქცეს რეალობად. ჩვენ ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი სახლში, მოლდოვაში. ანტიკორუფციული, სასამართლო სისტემის რეფორმის და სხვა მიმართულებით, ჩვენ გვაქვს ევროკავშირის იმედი. აღმოსავლეთ ევროპის ინსტრუმენტები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. იმედი გვაქვს ევროკავშირის, როდესაც საუბარი გვაქვს ეკონომიკურ ინტეგრაციაზე, გვინდა, მეტი წვდომა გვქონდეს ბაზრებზე, დახმარება მივიღოთ კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესების მიმართულებით, რათა უფრო მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნას მოლდოველებისთვის.

კორუფციასთან ბრძოლას განვაგრძობთ და დაკარგული, მოპარული აქტივების დაბრუნებას შევძლებთ. კორუფცია მოლდოვის საზღვრებს სცდება. ამიტომ გვჭირდება ევროპული ინსტიტუტების დახმარება და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების დახმარება. ჩვენ მოლდოვას თუ დავაბრუნებთ დემოკრატიული კონსოლიდაციის გზაზე და თუ კვლავ გავხდებით სტაბილური, პროგნოზირებადი პარტნიორი ევროკავშირისთვის, ჩვენ მეტი წარმატება გველის ინტეგრაციის გზაზე. კარგად გვესმის, რომ მთავარი დღის წესრიგი არის ჩვენივე ქვეყანაში. გვესმის, რომ საშინაო დავალება შესასრულებელი გვაქვს, პირობა დადებულია, ვალდებულება ნაკისრია ჩვენი ხალხისა და ევროკავშირის წინაშე. თქვენ გვეხმარებოდით წლების განმავლობაში. პოლიტიკური ვალდებულება დავდეთ და ვიკისრეთ ჩვენი მოქალაქეების სახელით“, – განაცხადა მაია სანდუმ.