„სახეში ურტყა წიხლები, მერე ჩახტა ტაქსში და გაიქცა“ – რა მოხდა რუსთავში

ივნისი 11, 13:00
0
268

რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე ახალგაზრდა კაცს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

შემთხვევა ერთ-ერთი აფთიაქის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. მამაკაცი, რომელსაც სცემეს, ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და გამვლელს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რასაც მალევე მასზე ფიზიკური ანგარიშსწორება მოჰყვა.

“სულ სახეში ურტყა წიხლები”, – უყვება ერთ-ერთი თვითმხილველი “ინფო რუსთავს”.

გამვლელთა ნაწილი სიტუაციის განმუხტვას ცდილობდა, ადგილზე გამოიძახეს საპატრულო პოლიცია და სასწრაფო-სამედიცინო დახმარებაც.

30 წლამდე კაცი, ასევე ახალგაზრდა მამაკაცს, ფიზიკურად დაახლოებით, 5 წუთის განმავლობაში უსწორდებოდა, შემდეგ კი ადგილიდან მიიმალა.

“რომ გაიგო პოლიციას იძახებდნენ, ტაქსით გაიქცა”, – იხსენებს საინფორმაციო სააგენტოსთან თვითმხილველი.

26 წლის ნაცემი ახალგაზრდა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა “რუსთავში” გადაიყვანა.

როგორც “ინფო რუსთავს” კლინიკის გადაუდებელი დახმარების სამსახურის მორიგე ექიმმა, გიორგი მოდებაძემ განუცხადა, პაციენტს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები არ აღენიშნება.