სახელმწიფოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები ქონების გადასახადისგან გათავისუფლდებიან

ივნისი 6, 18:10
0
72

სახელმწიფოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, როგორც საკუთრებაში, ასევე სარგებლობაში არსებული ქონების გადასახადისგან გათავისუფლდებიან. გარდა ამისა, საგადასახადო შეღავათი გავრცელდება პირის მიერ იჯარით, უზუფრუქტით, ქირით ან სხვა ფორმით გადაცემულ მიწის ნაკვეთზე, თუ გადაცემული უძრავი ქონება საგანმანათლებლო საქმიანობაში გამოიყენება.

ამას “საგადასახადო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების პროექტი ითვალისწინს, რომელიც ფრაქცია “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა: შალვა პაპუაშვილმა, გიორგი ამილახვარმა, თამარ ტალიაშვილმა და მარიამ ლაშხმა მოამზადეს.

ინიციატორთა განმარტებით, საგადასახადო შეღავათი არამხოლოდ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ფინანსურ მდგომარეობას გააუმჯობესებს, არამედ საშუალებას მისცემს მათ აღნიშნული თანხა სწავლის ხარისხის გაუმჯობესებასა და იმ გამოწვევებზე ადეკვატური საპასუხო ღონისძიებების გატარებაში გამოიყენოს, რომელიც დღესდღეისობით კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის პირობებში წარმოიშვა.

კანონპროექტის ამოქმედების წელსა და შემდგომი სამი წლის განმავლობაში ჯამურად მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი შემცირდება დაახლოებით 11.9 მლნ ლარით. ხოლო წლიური გავლენა იქნება 2.97 მლნ ლარი. ინიციატორთა ინფორმაციით, დაშვება გაკეთებულია სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე სახელმწიფოს მიერ სარგებლობის უფლებით გადაცემულ უძრავი ქონებაზე 2020 წელს დარიცხული გადასახადის ოდენობის შესაბამისად, რაც თავის მხრივ ცალკეული უნივერსიტეტების ნაწილში შეადგენს:

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 640 797 ლარი;

სსიპ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი – 655 365 ლარი;

სსიპ – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი – 252 615 ლარი;

სსიპ – იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 55 650 ლარი;

სსიპ – გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი – 28 365 ლარი;

სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი – 332 761 ლარი;

სსიპ – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 203 856 ლარი;

სსიპ – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 18 702 ლარი;

სსიპ – სამცხე – ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 13 676 ლარი;

სსიპ – შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი – 10 659 ლარი;

სსიპ – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 353 673 ლარი;

სსიპ – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი – 354 976 ლარი;

სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია – 14 341 ლარი;

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია – 32 700 ლარი;

სსიპ – საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი – 952 ლარი;

“საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებების პროექტი პარლამენტის ბიუროს ინიცირებისათვის 7 ივნისის სხდომაზე წარედგინება.