სახალხო დამცველი კელი დეგნანს შეხვდა

ივლისი 19, 15:23
0
80

ნინო ლომჯარია ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს შეხვდა. სახალხო დამცველის აპარატში აღნიშნავენ, რომ ელჩის ვიზიტი აშშ-ის მხრიდან პატივისცემის გამოხატულება იყო.

„ჩვენ დღეს ყურადღება გავამახვილეთ უზენაეს სასამართლოში განხორციელებულ მოსამართლეთა დანიშვნის პროცესსა და იმ პრობლემებზე, რასაც ამ პროცესში ვხედავთ. ასევე, ვისაუბრე 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებზე, ხაზი გავუსვი სახელმწიფოს და სამართალდამცავი ორგანოების პასუხისმგებლობას და აღვნიშნე, რომ სამწუხაროდ, მიუხედავად არაერთი მტკიცებულებისა და ინდიკატორისა, სამართალდამცავ ორგანოებს დღემდე არავინ მიუცია პასუხისგებაში ამ ძალადობრივი ქმედებისთვის“, – განაცხადა სახალხო დამცველმა.

შეხვედრა დადებითად შეაფასა კელი დეგნანმაც.

„ძალიან კარგი შესაძლებლობა მქონდა განმეხილა სახალხო დამცველთან და მის გუნდთან ბოლო პერიოდში საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული საკითხები. სახალხო დამცველის ინსტიტუტი თამაშობს უაღრესად მნიშვნელოვან როლს ნებისმიერ დემოკრატიაში, განსაკუთრებით აქ საქართველოში, მაშინ როდესაც ქვეყანა ძალიან მნიშვნელოვან და რთულ საკითხებს უმკლავდება. ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს სახალხო დამცველის აპარატთან მუშაობას თანამშრომლობის გასაღრმავებლად და სახალხო დამცველის მნიშვნელოვანი როლის მხარდასაჭერად, რომელსაც ის ასრულებს ქართული დემოკრატიის განმტკიცებაში“, – განაცხადა დეგნანმა.