„სასამართლომ სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო“ – ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის წინამძღვარი ნინოწმინდის პანსიონზე

ივნისი 5, 22:41
0
180

საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის წინამძღვარი მალხაზ სონღულაშვილი ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვების გამოყვანის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აფასებს და სამართლიანს უწოდებს.

ევანგელიკურ-ბაპტისტური ეკლესიის წინამძღვარი ამბობს, რომ სასამართლომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

„ეს ხშირად არ ხდება, მაგრამ დღეს უნდა ითქვას, რომ სასამართლომ სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილება, რაც იძლევა იმის ნუგეშს, რომ ეს მოვლენა, რაზედაც ჩვენ ვლაპარაკობთ ასე უქმად არ ჩაივლის. იქნება ფიქრი, კვლევა, მსჯელობა, ძიება და ჩვენ მივალთ იქამდე, რომ დავიწყებთ ამ ტრაგედიის აღმოფხვრას ჩვენი საზოგადოებიდან.

პირველ რიგში ბავშვების წამების, ფიზიკური და ემოციური ხელყოფის და ასევე ისეთი ინსტიტუციების ნიველირების, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ბავშვის ჯანმრთელობას, სიცოცხლეს, მათ მომავალს და შესაბამისად საზოგადოებას“, – განაცხადა სონღულაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

ორგანიზაცია, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვების გამოყვანასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო.