საქართველოში ვაქცინაციის ტემპი უნდა აჩქარდეს – საერთაშორისო სავალუტო ფონდი

ივლისი 19, 20:53
0
46

კვლავაც მაღალი მაჩვენებლისა, „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რიცხვი პიკზე დაბალია და შეზღუდვების უმეტესობა მოხსნილია – ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშშია საუბარი.

სავალუტო ფონდი საქართველოს მთავრობას ქვეყანაში COVID-19-ის წინააღმდეგ ვაქცინაციის ტემპის დაჩქარებისკენ მოუწოდებს.

„ნარჩუნდება მნიშვნელოვანი დაღმავალი რისკები, რაც ეკონომიკის პერსპექტივას ჩვეულზე მეტად გაურკვეველს ხდის. ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი ძალისხმევა მიმართა ვაქცინების მარაგების უზრუნველსაყოფად, მაგრამ უფრო მეტი მუშაობაა საჭირო ამ მიმართულებით. ვაქცინაციის ტემპი მნიშვნელოვნად უნდა აჩქარდეს, რომ წლის ბოლოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი იყოს აცრილი. „კოვიდ-19“-ის ახალმა შტამმა ან ვაქცინაციის შეფერხებამ შეიძლება, კვლავ შეაფერხოს ეკონომიკის აღმავლობა, თუ ახალი შეზღუდვების შემოღება გახდა საჭირო და ასევე შეამციროს საგარეო მოთხოვნა. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს პანდემიის მართვის მნიშვნელობის აუცილებლობას. შიდა პოლიტიკური გაურკვევლობის განახლებამ შეიძლება, გაზარდოს ლარის გაცვლითი კურსის მერყეობა, ხელი შეუშალოს ინვესტიციებს და რწმენას ეკონომიკის მიმართ. ამ რისკებს შეუძლიათ, დაამძიმონ ეკონომიკაში არსებული პრობლემები, როგორიცაა მაღალი დოლარიზაცია და უცხოურ ვალუტაში დენომინირებული სესხების რაოდენობა.

კოვიდ-19“-მა მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა მოახდინა ეკონომიკაზე. შიდა მობილობის შეზღუდვამ, რაც პანდემიის კონტროლის აუცილებლობით იყო გამოწვეული, და ტურიზმის შემცირებამ გამოიწვია ეკონომიკის შემცირება ისეთი სწრაფი ტემპით, როგორიც 1990 წლების შემდეგ არ დაფიქსირებულა. ეკონომიკა 6.2 პროცენტით შემცირდა 2020 წელს და 4.5 პროცენტით შემცირდა 2021 წლის პირველ კვარტალში. სიღარიბე და უმუშევრობა გაიზარდა, რამაც ბოლო წლებში ამ მიმართულებით მიღწეული პროგრესი გააქარწყლა. ხელისუფლებამ სათანადო რეაგირება მოახდინა ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებით და დაუცველი ოჯახებისა და ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი დახმარების გაწევით, რასაც ასევე ხელი შეუწყო დონორების მხადაჭერამ. მიუხედავად კვლავაც მაღალი მაჩვენებლისა, „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რიცხვი პიკზე დაბალია და შეზღუდვების უმეტესობა მოხსნილია“, – აღნიშნულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშში.