საქართველოს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

ივნისი 7, 10:33
0
56

საქართველოს დღეს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩსი ეწვევა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, ლატვიის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან პირისპირ შეხვედრას გამართავს საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, რის შემდეგაც ორი ქვეყნის დელეგაციებს შორის გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გაიმართება.

საქართველოში ყოფნისას ლატვიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ოძისში გაემგზავრება და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას. ამასთან, ედგარს რინკევიჩსი პატივს მიაგებს ქვეყნის ერთიანობისათვის დაღუპულ მებრძოლებს და გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს. იგი ასევე საპატიო სტუმრების წიგნში ჩანაწერს გააკეთებს.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრებს ასევე გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან.