საპროტესტო მუხტის ასაწევად „ნაცოპოზიცია“ ყველაფერზე მიდის, ისინი ცესკოსა და მისი ახალი თავმჯდომარის კომპრომეტირებას შეეცდებიან – გია აბაშიძე

ივლისი 20, 13:07
0
485

ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური ვითარება და წინასაარჩევნო გარემო- spacesnews-ი ანალიტიკოს გია აბაშიძეს ესაუბრა

როგორ შეაფასდებით საქართველოში მიმდინარე ბოლოდროინდელ პოლიტიკურ მოვლენებს?

ჩვენ უკვე არაერთხელ ვიხილეთ, რომ რადიკალურ ოპოზიციას, რომელსაც ჰყავს თავისი ამომრჩეველი, სრულიად არ გააჩნია ამ ელექტორატის მხარდაჭერაც კი, რაიმე სახის გადატრიალებაზე. თუმცა, რაც უფრო მეტად განიცდის მარგინალიზაციას ოპოზიცია, ის უფრო მეტად ხდება ტოქსიკური და გარკვეულ საფრთხეებს უქმნის საქართველოს სტაბილურობას.

რა საფრთხეებს გულისხმობთ?

საპროტესტო მუხტის ასაწევად ნაცოპოზიცია ყველაფერზე მიდის. ბოლო პერიოდში, საკუთარი მედიაც კი მიავლინეს ქუჩის აქტივისტებად, მაგრამ ამაშიც განიცადეს ფიასკო. კრემლისთვის სასურველი მასობრივი დაპირისპირება არ ხდება იმიტომ, რომ ოპოზიციას არ აქვს ელექტორატის შესაბამისი მხარდაჭერა ქუჩის დესტრუქციაზე.
ყველაფერზე წამსვლელი სააკაშვილის ანტურაჟი რესურსის მოსაპოვებლად, დაუფარავად, მოღალატეობრივად მიმართავს დასავლეთს საქართველოს წინააღმდეგ სანქციების დაწესების მოთხოვნით. თუმცა, შარლ მიშელის ბათუმში გაკეთებულმა საქართველოს მხარდამჭერმა განცხადებებმა, აშკარად წყობიდან გამოიყვანა ფსევდო-ევროპული პარტიის ლიდერი, გიგა ბოკერია და მან და მისმა თანამოაზრეებმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი კვლავ დაუმსახურებლად გააკრიტიკეს.
მიუხედავად ამისა, რადიკალური ოპოზიცია მაინც არ მოეშვება საკუთარი მზაკვრული მიზნების ასრულების მცდელობას. ის, ახლა თუ არა, სექტემბრიდან კიდევ უფრო გააქტიურდება პოლიტიკური საბოტაჟის კუთხით.

წინ ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია, ასეთ ვითარებაში, როგორ მოიქცევა პოლიტიკური სპექტრი?

მმართველი გუნდისა და ცალკეული ოპოზიციური პარტიებისაგან განსხვავებით, რომლებიც ასეთ ფონზე განაგრძობენ ჩვეულ პოლიტიკურ საქმიანობას, ოპონენტების რადიკალური ფრთა შეეცდება საარჩევნო ადმინისტრაციის მორიგ კომპრომეტირებას. როგორც ეს 2020 წელს მოხდა და მანამდეც, სააკაშვილის პარტია და მისი განშტოებები დარტყმებს მიიტანენ ცესკოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ გიორგი კალანდარიშვილზე და მასზე, როგორც დიდი ალბათობით, ახალ თავმჯდომარეზე. აშკარად გამოიკვეთა, რომ თამარ ჟვანიასგან განსხვავებით, კალანდარიშვილი არ დაუხრის თავს ოპოზიციას.

რას ეფუძნება თქვენი ეს პროგნოზი გიორგი კალანდარიშვილზე?

ყურადღებით ვუსმინე 10 ივლისს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში ბატონი კალანდარიშვილის გამოსვლას. ცესკოს თავმჯდომარედ არჩევის შემთხვევაში, მისი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება ამ უნიკალური კვალიფიკაციისა და ინსტიტუციური მეხსიერების მქონე სახელმწიფო ორგანიზაციის დაცვა ღირსების, რეპუტაციის შემლახველი თავდასხმებისგან, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ ვიწროპარტიულ ინტერესებს ეფუძნება. წარსულმა გამოცდილებამ გვანახა, რომ როცა ობიექტურ მიზეზთა გამო, დესტრუქციული პოლიტიკური ძალები ვერ აღწევენ სასურველ საარჩევნო შედეგს, ისინი გადადიან საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციაზე – ცესკოს ხელმძღვანელობის, ასევე სტრუქტურის ათასობით თანამშრომლის არნახულ დამუნათებაზე.
პარლამენტის კომიტეტში გამოსვლისას, გიორგი კალანდარიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არ შეეგუება დეზინფორმაციას და ცილისწამებლურ კამპანიას ცესკოს და მისი თანამშრომლების წინააღმდეგ.
ამასთან, კალანდარიშვილის კიდევ ერთი უმთავრესი პრიორიტეტია საარჩევნო პროცესის ყველა ეტაპზე მონაწილე მხარეთა ინკლუზიური ჩართულობა, უპრეცედენტო გამჭვირვალების უზრუნველყოფა, რათა ყველამ იხილოს, რომ აპელირება ე.წ. გაყალბებაზე, სრულიად შეუძლებელია და მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი – მოხდეს შარლ მიშელის დოკუმენტში არჩევნების კუთხით არსებული ყველა პირობის უცილობელი შესრულება და ამაში უნდა მონაწილეობდეს ყველა დაინტერესებული – პოლიტიკური თუ არასამთავრობო ორგანიზაციები.

იურიდიულ კომიტეტში გამართული მოსმენისას, გიორგი კალანდარიშვილმა კიდევ ერთ ფრიად მნიშვნელოვან გარემოებასაც გაუსვა ხაზი. თანამედროვე გლობალური გამოწვევებიდან გამომდინარე, ცესკო კიდევ უფრო მეტად ზრუნავს და იზრუნებს კიბერუსაფრთხოებაზე. საარჩევნო ადმინისტრაციის ყველა რგოლის თანამშრომელი იცნობს ე.წ. კიბერჰიგიენას და კომისიის შესაბამისი სამსახური, კიდევ უფრო მეტად დაიცავს მომდევნო და ყველა სხვა არჩევნებს შესაძლო კიბერშეტევებისაგან, შესაძლო ინტერნეტ-მანიპულაციებისა და ხელოვნური ჩარევისგან.

კალანდარიშვილის კანდიდატურა ცესკოს თავმჯდომარედ 18 ივლისის სესიაზე არ აურჩევიათ. ახალი საკანონმდებლო ცვლილებებით, როგორ ხდება კომისიის ახალი ხელმძღვანელის არჩევა?

ცესკო-ს თავმჯომარეობის კანდიდატთა სია კენჭისყრაზე ხელახლა გავა (კალანდარიშვილი და სანტურიანი) . პარლამენტს უფლება აქვს, ოთხჯერ უყაროს კენჭი კანდიდატებს. იმისთვის, რომ ცესკო-ს თავმჯდომარე 5 წლის ვადით აირჩიონ, პირველ ეტაპზე, საჭიროა 100 ხმა. კალანდარიშვილმა მოიპოვა მხოლოდ 82 დეპუტატის მხარდაჭრა. შესაბამისად, ხელახლა ინიშნება კენჭისყრა, სადაც ისევ 100 ხმის მობილიზებაა აუცილებელი. თუ ისევ არ მოგროვდება საჭირო მხარდაჭერა, შემდეგ კენჭისყრაზე უკვე 90 ხმით იქნება შესაძლებელი კანდიდატის არჩევა. თუ სამივე შემთხვევაში ვერ მოხერხდა საჭირო ხმების მობილიზება, საბოლოოდ, კანდიდატის დანიშვნა სიითი უმრავლესობით მოხდება, თუმცა, არა ხუთი წლით, არამედ 6 თვის ვადით. შემდეგ კი, კანდიდატების შერჩევის პროცესი ხელახლა გაიმართება.
როგორც ვიცი, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის პროცედურა მიმდინარე კვირაში გაიმართება. ვნახოთ, თუ როგორ მოხდება ხმების გადანაწილება. თუმცა, როგორც ჩანს, კალანდარიშვილის კანდიდატურა დამტკიცდება. ხუთი წლით იქნება თუ ექვსი თვით, მას მოუწევს არნახული დარტყმების მოგერიება და საარჩევნო ადმინისტრაციის დაცვა ცილისწამებისგან და უსაფუძვლო დამუნათებისგან.
თუმცა, კიდევ უფრო დახვეწილი საარჩევნო კანონმდებლობით და საკმაოდ პროფესიონალი ცესკოს ახალი თავმჯდომარის პირობებში, დესტრუქციულ ოპოზიციას ძალიან გაუჭირდება ცესკოზე სიყალბის ტირაჟირებითა და გამოგონილი ბრალდებებით საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის წინ წაწევა.