სამწუხაროა, საპატრიარქოს მიერ სასამართლოს განჩინების გასაჩივრების გადაწყვეტილება – ISFED

ივნისი 6, 20:36
0
54

ორგანიზაციაში, სამართლიანი არჩევნები (ISFED), აცხადებენ, რომ სამწუხაროა საპატრიარქოს სურვილი, გაასაჩივროს ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან ბენეფიციარების გაყვანის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება.

“სასამართლოს განჩინებაში აღნიშნულია ის საფრთხე, რომელიც დაწესებულებაში ბავშვის უფლებათა დაცვის კუთხით არსებობს და სახელმწიფო უწყებებისგან დროულ ჩარევას მოითხოვს. მართალია, განჩინება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს ეხება, მაგრამ სასამართლომ საფრთხის შემცველად შეაფასა პანსიონში არსებული ზოგადი მდგომარეობა.

აგრეთვე, სახალხო დამცველის შეფასებით, პანსიონში არსებული მდგომარეობა არ შეესაბამება არასრულწლოვანთა ინტერესებს და არსებულ სტანდარტებს, და, ასევე, საფრთხის შემცველია ბავშვებისთვის ძალადობისგან დაცვის, სრულფასოვანი განვითარების, სოციალიზაციისა და დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადების კუთხით. ამ ფონზე, განსაკუთრებით, სამწუხაროა, საპატრიარქოს მიერ განჩინების გასაჩივრების შესახებ გადაწყვეტილების მიღება”, — აცხადებენ ორგანიზაციაში.

სამართლიანი არჩევნები მოუწოდებს საპატრიარქოსა და პანსიონის ადმინისტრაციას დაუყოვნებლივ შეუშვას სახალხო დამცველის წარმომადგენლები დაწესებულებაში; შეწყვიტოს ბავშვთა საუკეთესო ინტერესის უგულებელყოფა, მათი სტრესულ მდგომარეობაში ჩაყენება და ამის ამსახველი ვიდეოების გასაჯაროება; ასევე, შეწყვიტოს ბავშვების გაყვანის პროცესის ხელშეშლა;

ორგანიზაციის მოწოდება მიმართება სახელმწიფოსაც, რომ უარი თქვას ამგვარი დაწესებულებებზე და დაუყოვნებლივ დაიწყოს პანსიონში მყოფი ყველა ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნების ან მინდობით აღზრდაში გადაყვანის პროცესი, თუ ეს დროულად ვერ ხერხდება, პრიორიტეტი მიანიჭოს მცირე, საოჯახო ტიპის სახლებს.

დღეს, 6 ივნისს საპატრიარქოში განაცხადეს, რომ გაასაჩივრებენ სასამართლოს გადაწყვეტილებას ნინოწმინდის პანსიონიდან ბენეფიციართა გამოყვანის შესახებ.