„საკუთარი ხელებით ჩამოახრჩო ძაღლი, რომ ეს „თეატრი“ უფრო დამაჯერებელი გამხდარიყო“ – საბერძნეთში მომხდარი მკვლელობის დეტალები

ივნისი 18, 23:42
0
76

ტელეკომპანია ΣΚΑΙ-სთან ღლიკა ნერაში მომხდარ სასტიკ მკვლელობაზე ატიკის პოლიციის პრეზიდენტმა, გიორგოს კალიაკმანიმ ისაუბრა.

მთელი საბერძნეთი შეძრულია ფაქტით, რომ 20 წლის კაროლაინი თავისივე ქმარმა, 32 წლის პილოტმა იმსხვერპლა.

​კალიაკმანიმ დეტალურად აღწერა დაკავებულის კრიმინალური პროფილი, მისი რეაქციები პოლიციის მისვლისას სახლში და შემდეგი კომენტარი გააკეთა:

„მის მიერ მოფიქრებული სცენარი იყო გადამეტებული და რეალობას მოწყვეტილი. მან საკუთარი ხელებით ჩამოახრჩო ძაღლი, რომ ეს „თეატრი“ უფრო დამაჯერებელი გამხდარიყო.

როცა სახლში მძარცველები შედიან, ყველაფერს თავდაყირა აყენებენ, ის სახლი კი აშკარად ხელოვნურად იყო არეული. ამბობდა, რომ დიდი რაოდენობის თანხა ერთ-ერთი სამაგიდო თამაშის ყუთში იყო, როგორ მოხდა, რომ მძარცველებმა მხოლოდ ეს ერთადერთი ყუთი გახსნეს და არა სხვები?!

პოლიციის ოფიცრებს პირველივე წუთიდან ჰქონდათ შეგრძნება, რომ ყველაფერი მისივე გაკეთებული იყო, ამიტომ ბავშვი, რომელიც დამნაშავეს ეჭირა, ხელიდან ჩვენმა კოლეგამ გამოგლიჯა და თავად ჩაიხუტა. მან იცოდა პირველივე მომენტიდან, რომ მკვლელი მოკლულის მეუღლე იყო.

ის დაბმული იყო, მთელ სახეზე სკოჩი ჰქონდა, ცხადია, თავად დაიბა თავი. ვინაიდან პოლიციას შესვლისთანავე უთხრა, რომ მალე გაეთავისუფლებინათ, რადგან იხრჩობოდა, ოფიცრები თოკების გადაჭრას შეუდგენენ და შეუძლებელი იყო იმ წუთისთვის ზუსტად დაკვირვებოდნენ, თუ რამდენად ძლიერად  იყო დაბმული“, – განაცხადა ატიკის პოლიციის უფროსმა.

წყარო: georgians.gr