საქსტატი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას მასპინძლობს

ივლისი 20, 16:04
0
48

12 ივლისიდან 19 ივლისის ჩათვლით საქსტატი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას მასპინძლობს. ონლაინ-ფორმატში ჩატარებული შეხვედრების მთავარ მიზანს წარმოადგენს ფასების სტატისტიკის ხარისხის ამაღლება, კერძოდ – მონაცემთა თანამედროვე ალტერნატიული წყაროს, სკანერული მონაცემების დანერგვა, – ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სკანერული მონაცემები წარმოადგენს ე.წ. „დიდი მონაცემების“ (Big Data) ნაწილს და ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ მიმართულებას ფასების სტატისტიკაში. სამომხმარებლო ფასების ინდექსის გაანგარიშებაში აღნიშნული მონაცემები გამოიყენება ევროკავშირის წევრი ქვეყნების და მსოფლიოს სხვა განვითარებული სახელმწიფოების სტატისტიკის სამსახურების მიერ.

სკანერული მონაცემები წარმოადგენს საცალო ვაჭრობის ობიექტებიდან მიღებულ ინფორმაციას დროის კონკრეტულ პერიოდში რეალიზებული პროდუქციის შესახებ, ე.წ. შტრიხ-კოდების მიხედვით. ფასების შეგროვების ტრადიციულ მეთოდებთან შედარებით, ამ სახის მონაცემები გაცილებით უფრო ზუსტი, დროული და ფართო მოცვის მქონეა, მისი გამოყენება კი მნიშვნელოვნად აამაღლებს ინფლაციის მაჩვენებლის სიზუსტეს.

აღნიშნული მიმართულებით მუშაობა საქსტატმა 2019 წლის ბოლოდან დაიწყო, ხოლო განსაკუთრებული აქტუალობა სკანერულმა მონაცემებმა პანდემიის პერიოდში შეიძინა.

საქსტატში მიმდინარე მისიის განმავლობაში სავალუტო ფონდის ექსპერტების დახმარებით მიმდინარეობს სკანერული მონაცემების ანალიზისა და დამუშავების თანამედროვე მეთოდების განხილვა, ასევე ფასების სტატისტიკის თანამშრომლებისთვის ჩატარდა ტრენინგი შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის ნაწილში. გარდა ამისა, ტექნიკური დახმარების მისიის ფარგლებში შემუშავებულ იქნა დეტალური რეკომენდაციები სკანერული მონაცემების დანერგვის მიმართულებით.