საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს მიმართავს, ჩაერთონ ვაქცინაციაში და დაიცვან რეგულაციები, რათა ქვეყანა შეზღუდვების ხელახლა დაწესების აუცილებლობის წინაშე არ დადგეს

ივლისი 20, 15:19
0
43

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობის ზრდა, ჰოსპიტალურ სექტორში არსებული ვითარება და ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობა განიხილეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. აღინიშნა, რომ გასული 24 საათის განმავლობაში, ინფიცირების 2600-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, რაც საყურადღებო მაჩვენებელია.

„მთავრობა სიტუაციას სრულად მართავს, თუმცა აუცილებელია ხელისუფლებისა და საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევა, რათა ეპიდემიოლოგიური ვითარება მკვეთრად არ გაუარესდეს და ქვეყანა შეზღუდვების ხელახლა დაწესების აუცილებლობის წინაშე არ დადგეს. პრემიერ-მინისტრის დავალებით, ჯანდაცვის უწყება ჰოსპიტალურ სექტორში დამატებითი საწოლების მობილიზაციის კუთხით დამატებით ნაბიჯებს გადადგამს. სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე მობილიზებული 5700-ზე მეტი საწოლიდან, თავისუფალია დაახლოებით 1300 ადგილი და ეს რაოდენობა კიდევ გაიზრდება, ასევე, დეფიციტი არ არსებობს ბავშვთა საწოლფონდის კუთხით“, – აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.

საბჭოს წევრებმა განიხილეს ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობა, რომელიც აქტიურად გრძელდება. აღინიშნა, რომ ქვეყანაში ჯამურად მობილიზებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინების – „სინოფარმის“ და „სინოვაკის“ ჯამში 1,5 მილიონი დოზა.

„ვაქცინაცია გრძელდება „ასტრაზენეკათი“, ასევე – „ფაიზერის“ ვაქცინით, რომლის დამატებით დოზებს ქვეყანა უახლოეს დღეებში ელოდება. ამასთან, პრემიერ-მინისტრის დავალებით, ვაქცინაციის პროცესის კიდევ უფრო აქტიურად და სწრაფად წარმართვისთვის მოკლე ვადაში მომზადდება მასობრივი ვაქცინაციის ცენტრები, მათ შორის სავაჭრო ცენტრებში“, – აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საბჭოს წევრებმა, ინტენსიური ვაქცინაციის პროცესის პარალელურად, ხაზი გაუსვეს დადგენილი რეგულაციების დაცვის აუცილებლობას, რათა თავიდან იყოს აცილებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება.

როგორც ცნობილია, პირბადის ტარება კვლავ სავალდებულოა დახურულ სივრცეებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, გაჩერებებზე, ბაზრობებსა და ხალხმრავალი შეკრების ადგილებში. 19 ივლისიდან ამოქმედდა მთავრობის შესაბამისი დადგენილება, რომლის თანახმად, ტრენინგებზე, კონფერენციებსა და სემინარებზე დაიშვებიან მხოლოდ სრულად ვაქცინირებული მონაწილეები, ან პირები, წინასწარი PCR თუ ანტიგენ-ტესტირების საფუძველზე; ასევე, აკრძალულია ბანაკის ტიპის შეკრებები, მათი ორგანიზაციული ფორმისა და ჩატარების ადგილის მიუხედავად; 18 წლამდე ასაკის მოზარდების სპორტული ტურნირებისა და სასწავლო-საწვრთნელი შეკრებების ჩატარება დასაშვებია მხოლოდ ყველა მონაწილის წინასწარი PCR-ტესტირების საფუძველზე.

საბჭოს გადაწყვეტილებით, ცვლილებები შევა სავალდებულო ტესტირების რეგულაციის ნაწილში და სავალდებულო ტესტირებას აღარ დაექვემდებარებიან სრულად ვაქცინირებული პირები.

ამასთანავე, მთავრობის დადგენილებით, როგორც ღია, ისე დახურულ სივრცეში, კვლავ აკრძალულია ისეთი სოციალური ღონისძიებები, როგორიცაა ქორწილი, ქელეხი, სხვადასხვა სახის იუბილე და ა.შ.

საქართველოში კორონავირუსის 390 945 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 367 130, გარდაიცვალა 5 592 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.